COVID ტესტირება ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე - ახალი სერვისი Drive Lab-ისგან
თბილისში ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე Covid ტესტირების სერვისი ამოქმედდა.
კომპანია Drive Lab-ის დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი კოვიდ-ტესტირების Drive-Thru სერვისი.
მომსახურების მიღება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით (ID ბარათი) ან პასპორტით. ტესტის პასუხს კი მომხმარებელი ელექტრონულად მიიღებს.
ჯანაშვილი აცხადებს, რომ Drive Lab-ის ლაბორატორია ამჟამად მხოლოდ ყაზბეგის გამ. N22-შია წარმოდგენილი, სამომავლოდ კი დაგეგმილია ქსელის გაფართოება. განიხილება რამდენიმე ლოკაცია, მათ შორის, ზუგდიდიც.
მისი განცხადებით, Drive Lab-ის ლაბორატორია 2 კვირაა ამოქმედდა და უკვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. რაც შეეხება ფასებს, ტესტების ღირებულება შემდეგნაირია:
- PCR ტესტი კომერციული - 100 ლარი;
- ანტიგენის სწრაფი ტესტი კომერციული - 25 ლარი;
- ანტისხეულების კვლევა სწრაფი ტესტით (IgM, IgG) - 25 ლარი;
- ანტისხეულების კვლევა იმუნოფერმენტული მეთოდით (IgG) - 50 ლარი;
- PCR ტესტი სახელმწიფო დაფინანსებით შესაბამის ჯგუფებზე;
- ანტიგენის სწრაფი ტესტი სახელმწიფო დაფინანსებით შესაბამის ჯგუფებზე (სიმპტომებიდან გამომდინარე ოჯახის ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე)
- B ჰეპატიტის სწრაფი ტესტი - 20 ლარი
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბინაზე გამოძახებაც.
ჯანაშვილის განცხადებით, პროექტში დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ტესტების მომწოდებელი კი რამდენიმე ქვეყანაა, მათ შორის გერმანია. კომპანია Drive Lab-ი აკრედიტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
„პანდემიის დასაწყისში სახელმწიფოს მოვუწოდებდით, რომ ყველაზე კარგი პრაქტიკა, რაც დაინერგა სხვა ქვეყნებში ტესტირებასთან დაკავშირებით, იყო Drive-Thru მეთოდი, რომელიც თავდაპირველად კორეაში დაინერგა. შემდეგ კი ბევრმა წამყვანმა ქვეყნებმა გადაიღეს. ეს არის ადამიანების ტესტირების ყველაზე სწრაფი მეთოდი, არის კომფორტული და რაც ყველაზე მთავარია - უსაფრთხო. ჩვენთან ტესტირების დროს მოდიხარ მანქანით და ისე იღებ მომსახურებას, რომ მანქანიდანაც არ გადმოდიხარ,“ - აცხადებს ჯანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ Drive Lab-ი საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები ფლობენ სხვადასხვა საავადმყოფოებს, მათ შორის, ზუგდიდის ინფექციურ სავადმყოფოს.