ბიზნესი
19/04/2021

Covid პასპორტის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს - რესტორანი "11 კათხა"

რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე jandacva.ge-სთან საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის ამოქმედდების დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ინიციატივა კარგია, ეს ის ნამდვილად ქმედითი იქნება.

ტრაპაიძე ამავდროულად განმარტავს, რომ მთავარია ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნას და სამასპინძლო ბიზნესი ადგილობრივ მომხმარებელზე 100%-ით არ იყოს დამოკიდებული.

„ჩვენი ობიექტის შემოსავლის ძირითად ნაწილს ტურისტებისგან მიღებული თანხები წარმოადგენდა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რესტორანი დღეის მდგომარეობით მხოლოდ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზეა. ეს ერთ-ერთი ტურისტული ქუჩაა. ამიტომ ტურისტებია საჭირო, თორემ ჩვენს ხალხს სად აქვს რესტორანში დასახარჯი ფული,“ - აცხადებს ტრაპაიძე.

მისივე განმატებით, ვაქცინაციის და  მთავრობის აღნიშნული ინიციატივის გარეშე ბიზნესს და ეკონომიკას ძველ მაჩვენებელზე დაბრუნება კიდევ დიდხანს გაუჭირდება.

როგორც ტრაპაიძე აღნიშნავს, ობიექტი 1 წელზე მეტია დახურულია. "იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის ტურისტი და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაცემულია, არ ღირს ობიექტის გახსნა", - აცხადებს ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაცია ამოქმედდება.

იაშვილის კლინიკის დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, აპლიკაცია საქართველოში უახლოეს მომავალში ჩაეშვება და, გარდა მოგზაურობისა, მას შესაძლოა, კაფე-რესტორნებში „საშვის“ ფუნქციაც ჰქონდეს. ჩხაიძის ინფორმაციით, განიხილება ვერსია, რომ ორჯერადი აცრის ცნობით შესაძლებელი გახდეს, მაგალითად შაბათ-კვირას რესტორნებისა და კლუბების შიდა სივრცეებში შესვლა.