Cnick-ი "ჭკვიან ბეჭედს" უკვე ძვირფასი მეტალებით დაამზადებს
კომპანია Cnick-ი "ჭკვიანი ბეჭდის" ახალ მოდელზე მუშაობს, რომელიც რეალიზაციაში, დაახლოებით, ერთ თვეში ჩაეშვება. ინოვაციური მოდელი ვერცხლისა და ოქროსგან დამზადდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ CNICK-ის თანადამფუძნებელი დავით კვიციანი აცხადებს, თუ აქამდე კომპანია ჭკვიან ბეჭდებს ხის მასალისგან ამზადებდა და მის რეალიზაციას მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე ახდენდა, ახლა ასორტიმენტი გაფართოვდება და გაყიდვაში უკვე ძვირფასი მეტალებისგან დამზადებული "ჭკვიანი ბეჭდებიც" გამოჩნდება.
მისივე განმარტებით, ეს იქნება უნიკალური პროდუქტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს და ის CNICK-ის სხვა მოდელების მსგავსად, მომხმარებელს ფინანსური, თუ სხვა ოპერაციების შესრულებაში დაეხმარება.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაცით, ძვირფასი მეტალებით დამზადებული ქართული ჭკვიანი ბეჭედი სრულად ექსპორტზე იქნება გათვლილი და ის ევროპულ ქვეყნებში, კერძოდ ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში გაიყიდება.
კვიციანის განმარტებით, "ჭკვიანი ბეჭდის" ახალი მოდელი გარდა დიზაინისა, ფუნქციურადაც უფრო დატვირთული იქნება და მასში ეტაპობრივად, სხვადასხვა ფუნქციონალის ჩამატებაც იქნება შესაძლებელი.
„საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ბეჭდის ანალოგი არ არსებობს, ამიტომ, საფასო ნაწილში კონკურენციაში არავისთან შევდივართ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს პროდუქტს უფრო მაღალი ფასი დავადოთ. CNICK-ი მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა, ჩვენ მრავალფუნქციურ პროდუქტს ვქმნით, მისი გამოყენება შეიძლება საგადამხდელო ფუნქციით, ავტომობილის გასაღებად, ასევე საშვად. განსხვავებულია ჩვენი დიზაინიც - თუ ბეჭდის უცხოური ანალოგები არის სულ კერამიკის, შავი ან თეთრი ფერის, ჩვენი პროდუქტი ჰგავს სამკაულს და მრავალფეროვანი ფერებით და მასალებით კეთდება“, - აღნიშნავს დავით კვიციანი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, CNICK-ის ხის მასალისგან დამზადებული ბეჭდები საგადამხედლო ფუნქციით ევროპის ქვეყნებში გამოიყენება, ავტომობილის გასაღების ფუნქციით კი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
„ბეჭედს აქვს ძალიან მაღალი უსაფრთხოების დონე. ვიყენებთ ტოკენიზაციას, რაც დღეს საკმაოდ მაღალ სტანდარტს წარმოადგენს. ამით შესაძლებლობას ვაძლევთ მომხმარებლებს, რომ ბეჭედი უკვე მათ საკუთრებაში არსებულ ბარათს მიაბან და ისე გამოიყენონ. ბეჭედს არ სჭირდება ცალკე ანგარიშის გახსნა ან ბარათის აღება. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ საქართველოს ბაზარზე არ ვართ წარმოდგენილები. ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართულმა ბანკებმა არ ისურვეს ჩვენთან თანამშრომლობა.
რაც შეეხება ავტომობილის გასაღების ფუნქციას, ხელმისაწვდომია გლობალურად, CNICK-მა შექმნა პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რაც ავტომობილის, კონკრეტულად, TESLA-ს გასაღების ფუნქციას ასრულებს", - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ დავით კვიციანმა.
შეგახსენებთ, Cnick (კნიკი) ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედია, რომელიც ტრადიციულ ბუნებრივ მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს.
ინოვაციური სტარტაპი რამდენიმე წლის წინ ქართველმა სტუდენტებმა, კობა ცერცვაძემ, დავით კვიციანმა და გიორგი მიქაცაძემ შექმნა, ის პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხმარებლო პროდუქტია, რომელიც ადამიანებს ეხმარება ყოველდღიური ფინანსური, თუ სხვა ოპერაციების შესრულებაში. მისი საშუალებით, მომხმარებელი ახორციელებს გადახდებს ტერმინალებსა და ტრანსპორტში. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციების საშვების მიმაგრება.