"ჩვენი ამოცანაა, საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და რეგიონში გამორჩეულია, კიდევ უფრო გაძლიერდეს"
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, ბიზნესს ხშირი კომუნიკაცია აქვს.
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქვეყნის ეკონომიკის 75%-ია გაერთიანებული. ჩვენთან ეკონომიკის, თითქმის ყველა სექტორია წარმოდგენილი. რასაკვირველია, ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას.
ჩვენი ამოცანაა, საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და რეგიონში გამორჩეულია, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გავაჟღერეთ, დარწმუნებულები ვართ, ორ რამეს მოემსახურება: პირველი, ეს არის დადებით ზეგავლენას მოხდენა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის. მეორე, ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება, ანუ უფრო მეტი თანხისა და რესურსების მიწოდება გახდება შესაძლებელი ბაზრისთვის.
ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ამას ყველამ ერთად მივაღწიოთ", - აღნიშნულის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გუშინ ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ეკონომიკასა და მოსახლეობას დამატებით სტიმულს მისცემს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.