ჩვენ წარმოება ვართ, თანამშრომლების 80%-ის ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანია - თამაზ დაუშვილი
ჩვენ ვართ წარმოება, მომსახურება, ამიტომ თანამშრომლების 80%-ის ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანია, - ასე ეხმაურება კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ რეკომენდაციას, რომელმაც დამსაქმებლებს ურჩია შესაძლებობების ფარგლებში თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა საკმაოდ ეფექტურია თავის დაზღვევისთვის. შესაბამისად, ამ შესაძლებლობას „დიო“ მაქსიმალურად იყენებდა.
„ჩვენ ახლაც ვეცდებით მაქსიმალურად, ადამიანები დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანოთ, თუმცა, ეს ის რაოდენობაა, რომელიც ამინდს ვერ ქმნის. უფრო მნიშვნელოვანია კომპანიაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ეს არის ჩვენი გამოწვევა. ძალიან რთულია ადამიანები ასეთ სიცხეში აიძულო ან დაითანხმო მთელი დღის განმავლობაში, დახურულ სივრცეში პირბადე ატარონ, თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ მათ ეს ავუხსნათ. სხვა გამოსავალი არ არის, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ადამიანების მოთხოვნიები დავაკმაყოფილოთ. ვერ დავიხურებით და ვერ წავალთ სახლებში, როდესაც მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას და მომსახურებას ელოდება,“ - აცხადებს დაუშვილი.
მისი განცხადებით, ბიზნესში არის განცდა, რომ შესაძლოა შემცირდეს მომხმარებლის აქტივობა და თუ ეს ასე მოხდა, საკმაოდ არასახარბიელო შედეგს მივიღებთ.