ბიზნესი
28/03/2023

ჭკვიანი თხილი: საექსპორტოდ ევროპის ქვეყნებს აღარ განვიხილავთ

თხილეულის პასტის მწარმოებელმა ბრენდმა „ჭკვიანი თხილი“ საექსპორტო გეგმები შეცვალა და ევროპის ბაზრის ნაცვლად, სხვა კონტინენტზე შესვლას განიხილავს.

როგორც „ბიზნესპარტნიოს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა ნინო ანდრიაძემ განუცხადა, კომპანია ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებაზე აქტიურად მუშაობს.

„ძალიან დიდ ბაზარზე ვაპირებთ „ჭკვიანი თხილის“ პროდუქციის შეტანას. თუმცა, ამ ეტაპზე, ამ ქვეყნის იდენტიფიცირებას არ მოვახდენ, რადგან ხშირად ხდება, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებ და შემდეგ, რაღაც აღარ გამოდის. ისრაელშიც ვგეგმავდით ექსპორტს, მაგრამ აღარ შედგა ეს თანამშრომლობა“,- აღნიშნა ნინო ანდრიაძემ.

მან „ჭკვიანი თხილის“ აქამდე არსებულ საექსპორტო გამოცდილებაზეც ისაუბრა და მაგალითად, იაპონიის ბაზარი მოიყვანა, სადაც კომპანიის პროდუქცია წარმატებით იყიდებოდა.

„იაპონიაში 2021 წელს ჩვენი 5 პროდუქტი გავიტანეთ, რამაც ადგილობრივი მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველაზე მეტად ჩვენი „გულადი გოგრა“ მოეწონათ, მაშინ, როცა საქართველოში უპირატესობას „ყოჩაღ ნუშს“ ანიჭებენ“,- აღნიშნა ნინო ანდრიაძემ.

„ჭკვიანი თხილის“ თანადამფუძნებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მათ მიერ წარმოებული პროდუქციის უცხოური ანალოგები არსებობს, ქართულ ბრენდზე საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამის პარალელურად, პროდუქციის ცნობადობა და გაყიდვები იზრდება ადგილობრივ ბაზარზეც.

შეგახსენებთ, „ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბრიდანაა.  “ჭკვიანი თხილი“ წყვილის ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი  პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.

კომპანია, ამჟამად, 5 სახეობის თხილეულის პასტას აწარმოებს. მათ შორისაა: „მოხერხებული მიწისთხილი“,„ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ ,„გიჟმაჟი  პეკანის პასტა“ და „გულადი გოგრა“.

 

Businesspartner