"ჩირიფრუტში" შვეიცარიული ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება
ტკბილეულის მწარმოებელ კომპანია 'ჩირიფრუტში" უახლოეს მომავალში შვეიცარიული ტექნოლოგიები დაინერგება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განუცხადა, პროექტში დაახლოებით $50 000-ის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
„ამ ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, ჩვენივე საწარმოში დავიწყებთ ქართული შოკოლადის წარმოებას. ამჟამად კი, ჩვენი ტკბილეული ქართული ჩირითა და შვეიცარიული შოკოლადით მზადდება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული ხილისგან მიღებული ჩირისა და შოკოლადის ერთობლიობა განსხვავებულ არომატს ქმნის, რითაც მსოფლიოში თავისი ადგილის დამკიდრება შეუძლია“, - აცხადებს ჯიქია.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში, ჩირისა და შოკოლადის კომბინაციით შექნილი ტკბილეული მალე ექსპორტზეც გავა. ამ მიმართულებით, ქართულ მცირე საწარმო „ჩირიფრუტში“ აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. რამდენიმე დღეში კი, 10-ამდე სახეობის ქართული პროდუქტი ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგება. სპეციალურად ამ დღისთვის, სრულიად ახალი კანფეტიც დამზადდა.
სოფიო ჯიქიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ჩირისა და შოკოლადის კომბინაციით შექმნილი ტბილეული სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მათ შორის, შოკოლადის ისეთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაშიც, როგორიც შვეიცარიაა.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრების პარალელულად, ჩირისა და შოკოლადის კომბინაციით შექმნილი პროდუქციის ცნობადობა მზარდია საქართველოშიც. ბოლო 5-6 წელში, დაახლოებით, 20-ამდე გაიზარდა იმ მცირე საწარმოთა რიცხვი, რომლებიც ამ პროდუქტს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით ამზადებენ.