ჩინურ ტვირთებზე ფასის ზრდის გამო Beko-მ პროდუქცია გააძვირა
ჩინეთიდან ტვირთებზე გასამმაგებული გადასახადის გამო Beko-ს მაღაზიათა ქსელში პროდუქცია გაძვირდა.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საუბარია, დაახლოებით 4%-იან მატებაზე.
მელექის ინფორმაციით, ამას ემატება ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა, რაც საბოლოო ჯამში აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას.
“ჩვენი ძირითადი პროდუქცია თურქეთიდან შემოდის, თუმცა, არის ტექნიკა, რომელის იმპორტსაც ჩინეთიდან, რუმინეთიდან და სერბეთიდან ვახორციელებთ. ჩინეთმა ტრანსპორტირების თანხა, 1 კონტეინერზე 2500 დოლარიდან 9 000 დოლარამდე გაზარდა. მიზეზად ევროპაში კონტეინერებზე მაღალი მოთხოვნა დასახელდა. ასევე გაზარდა ფასი პროდუქციის ნაწილებზე, კომპონენტებზე. მაგალითად, გაძვირდა სარეცხი მანქანისთვის საჭირო ნაწილების ფასი.
გარდა ამისა, გაიზარდა ლარის კურსიც. თუ იყო 2.90 ნიშნულზე, ახლა 1 აშშ დოლარი 3.30 ლარია. ყველაფერი ეს ფასებზე უარყოფითად აისახა,“ - აცხადებს მეჰმედ მელექი.
მისი განცხადებით, თუ მიმდინარე წელს კურსი დასტაბილურდება და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მოგვეცემა მუშაობის საშუალება, ფასი აღარ გაიზრდება.
შეგახსენებთ, Beko-ს ქსელი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დახურული იყო. ყველა მაღაზია 1 თებერვლიდან გაიხსნა.