"ჩემპის" ვაშლის ჩიფსების 60% ექსპორტზე აშშ-ში გადის
სოციალური საწარმო "ჩემპი" წლიურად საშუალოდ 100 000 შეფუთვა ვაშლის ჩიფსს აწარმოებს, საიდანაც 40% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 60% ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ჩემპის" თანადამფუძნებელი, ნონა ნონიაშვილი განმარტავს, საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც ამერიკის ბაზარზე პროდუქციის გატანაში ეხმარებათ, ერთ-ერთ გამოფენაზე გაიცნეს.
"დღეს უკვე 12 სახეობის ვაშლის ჩიფსს ვქმნით. სამი მათგანი ორიგინალია, ცხრა კი ვაშლის ჩიფსი სხვადასხვა ხილის წვენთან ერთად. თავიდანვე აქტიურ კომუნიკაციას ვამყარებდით ჩვენს მომხმარებელთან. დეგუსტაციების, გამოფენებისა და სხვადასხვა კვლევის მეშვეობით. თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა პროდუქტმა, რადგან ის ჯანსაღია და ჯანსაღ სნექებზე მსოფლიო მასშტაბით დიდი მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ თბილისის წამყვან ჰიპერმარკეტებში ვართ წარმოდგენილი როგორიც არის, ევროპროდუქტი, აგროჰაბი, ნიკორა, გუდვილი. გვაქვს ონლაინ მიწოდების სერვისიც და ვართ გლოვოსა და ვოლტზე.
დაწყებულია ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც ასეთი ჯანსაღი სნექებისთვის დიდი შესაძლებლობაა. გვყავს პარტნიორი და ამერიკაში ჩვენი პროდუქტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. მცირე დროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოვიპოვეთ, მაგალითად, საუკეთესო ტკბილი სნექების კეტეგორიაში. ამერიკაში ჩვენი დღევანდელი პარტნიორი ერთ-ერთ გამოფენაზე გავიცანით. მას უკვე გაჰქონდა საქართველოდან ჯანსაღი პროდუქცია. აქტიური კომუნიკაციის, ამერიკის ბაზრის შესწავლის, ეტიკეტირებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გავლის შემდეგ მოვახერხეთ, რომ გავსულიყავით ამერიკაში. წლიურად საშუალოდ 100 000 შეფუთვას ვაწარმოებთ, საიდანაც დაახლოებით 40% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 60% ექსპორტზე გადის",- განაცხადა ნონიაშვილმა.
"ჩემპის" საწარმომ ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო.