ბიზნესი
28/11/2020

ჭელიძე ტრანსპორტის აკრძალვაზე: ძლიერი ბიზნესები გადარჩებიან, სუსტები მოკვდებიან

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვას შეცდომას უწოდებს.

„ბიზნესპარტნიორთან“ მიხეილ ჭელიძე განმარტავს, რომ ეს ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ მცირე და საშუალო ბიზნესს ფუნქციონირებას უფრო გაურთულებს.

„მიმაჩნია, რომ მეტროს გადაადგილების აკრძალვა დიდი შეცდომა იყო. კონტროლი უნდა გაძლიერებულიყო და ბიზნესის დაკეტვის მაგივრად, ამ მიმართულებით მეტი აქტივობა უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერს აზრი არ ექნება. ტრანსპორტის აკრძალვა გამოიწვევს იმას, რომ ძლიერები გადარჩებიან და სუსტები მოკვდებიან. როდესაც შენი თანამშრომელი ვერ მოდის, უნდა მოიყვანო. ეს არის ხარჯი. ან თანამშრომელი არ უნდა ამუშაო, ვინც გჭირდება. აქ არ არის საუბარი ლარსა და ორ ლარზე. ძალიან მნიშვნელოვანი თანხა უნდა გადაიხადო. მათი ორი თვის განმავლობაში ტრანსპორტირება ძალიან დიდი ხარჯია, რომელსაც ბიზნესი ფიზიკურად ვერ შეძლებს, რომც უნდოდეს”,- განაცხადა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

როგორც ბიზნესის უმრავლესობა აცხადებს ეს ფაქტობრივად სრული "ლოქდაუნია".

უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, გადაადგილება იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი; შეიზღუდა საქალაქთაშორისო გადაადგილება, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ ტაქსებითა და კერძო მანქანებით; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე, აიკრძალა ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; შეზღუდვები დაწესდა ზამთრის კურორტებზეც, ამავდროულად სათხილამურო კურორტეზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.