"ბუტრანა" მეორე ფერმას ივლისში გახსნის
ღვინისა და ყველის კომპანია „ბუტრანა“ ივლისში მეორე ფერმას გახსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის დასრულებულია ობიექტის მშენებლობა და მიმდინარეობს ძირითადი საშუალებების მონტაჟი, რომელიც შესყიდულია კანადაში, შვედეთში, გერმანიაში, პოლონეთში.
ხატიაშვილის განცხადებით, ფერმის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარს შეადგენს.
„ჯამში გვეყოლება 50 სული მაღალპროდუქტიული საქონელი, რომელსაც ესტონეთიდან ჩამოვიყვანთ და რომლისგანაც მივიღებთ ნატურალურ, მაღალი ხარისხის რძეს, რომელსაც ყველის წარმოებაში გამოვიყენებთ. პირველ ფერმას ვაუქმებთ, რადგან ძველი სტანდარტებითაა აშენებული,“ - აცხადებს ხატიაშვილი.
მისი განცხადებით, ამჟამად კომპანია 20 დასახელების ყველს აწარმოებს, გაფართოების შემდეგ კი ასორტიმენტი 30-მდე გაიზრდება. მათ შორის, უკვე იწარმოება საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.
ახალი ფერმის მშენებლობა, რომელიც ჯამში 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სოფელ ტიბაანში, არსებულის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს. კომპანია ყველის გარდა, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.