ბიზნესი
27/09/2023

"ბუტკო" ოქტომბერში განსხვავებული კონცეფციის მაღაზიის გახსნას გეგმავს

ყვავილების პირველი სასტუმრო საქართველოში - „ბუტკო“ ყვავილების მაღაზიას გახსნის, რომელიც განსხვავებული კონცეფციის იქნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ბუტკოს“ თანადამფუძნებელმა, თამარ რაზმაძემ განუცხადა, მომხმარებელი სასურველი მცენარეების შეძენას ორიგინალური ფორმით შეძლებს.

„ჩვენი მაღაზია ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება. აქ გაიყიდება მცენარეები, რომლებიც არ იქნება ჩვეულ ფორმაში, როგორც გინახავთ და როგორც წარმოგიდგენიათ. ძირითადად, მცენარეთა მოვლისას, ჩვენ გამოყენებული გვაქვს იაპონური ტექნიკები და ამ ტექნიკების საშუალებით ვაპირებთ, ჩვეულებრივი მცენარეები გავყიდოთ არაჩვეულებრივი ფორმით.

კერძოდ, მომხმარებლებს მცენარეებს მივაწვდით ხავსში, ხეზე და წყალში. ძირითადად, იქნება ეს 3 მასალა, რომელსაც გამოვიყენებთ მცენარის გასაზრდელად. ქართულ ბაზარზე, დღეს, მსგავსი პროდუქტი არის ახალი და ინოვაციური“, - განმარტა „ბუტკოს“ თანადამფუძნებელმა.

მან ყვავილების სასტუმროს ფუნქციონირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მომხმარებლის რაოდენობა ყოველწლიურად ორმაგდება. სასტუმროს სერვისით ძირითადად, საშუალო ასაკის ადგილობრივი ქალბატონები სარგებლობენ, რომლებიც ქალაქიდან გადიან და დროებით საკუთარ მცენარეებს სასტუმროში ტოვებენ. მომხმარებლებს შორის არიან უცხოელებიც.

შეგახსენებთ, ყვავილების სასტუმროს სერვისი ინოვაციურია არა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, არამედ ევროპულისთვისაც და ჯერჯერობით, ასეთი დაწესებულება მხოლოდ ლონდონში ფუნქციონირებს. საქართველოში მცენარეების პირველი სასტუმრო „ბუტკო“ კი 2 წლის წინ გაიხსნა, ის ტაბახმელაში მდებარეობს, სადაც არდადეგების, შვებულების თუ სხვა მიზეზით სახლიდან წასვლის პერიოდში, მომხმარებლები თავიანთ მცენარეებს მოსავლელად ტოვებენ.