ბუტიკ სასტუმრო და მარნის გაფართოება - ვლადიმერ ბოისას სამომავლო გეგმები
ყოფილ კალათბურთელ ვლადიმერ ბოისას პანდემიამ მეღვინეობის სფეროში განვითარების გეგმები დაუპაუზა.
როგორც ბოისა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დაგეგმილი იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, არსებული მარნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მარნის აშენება, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა ჩასულ სტუმარს ღვინო ადგილზე დაეგემოვნებინა.
„ახალი ქვევრის ყიდვა მინდოდა. ის ტერიტორია, სადაც ახლა მაქვს ქვევრები ძველია, დიდი ისტორია აქვს, ამიტომ ამის დატოვებას ერთგვარ მუზეუმად ვფიქრობდი. რაც შეეხება ინვესტიციას, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 30 000 დოლარია,“ - აცხადებს ბოისა.
მისივე ინფორმაციით, შედარებით გრძელვადიანი გეგმაა მარნის ტერიტორიაზე ბუტიკ სასტუმროს მშენებლობაც.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, ძველ მარანში, ყოფილმა კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ მეღვინეობა რამდენიმე წლის წინ წამოიწყო და ბრენდი „ბოისა“ შექმნა.
კომპანია ამჟამად ღვინოს მხოლოდ რქაწითელის და საფერავის ჯიშისგან ამზადებს. ყოფილი სპორტსმენის საკუთრებაშია დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ვენახი. კომპანიის წლიური წარმადობა 4000 ბოთლია.