ბიზნესი
09/02/2022

ბურჯანაძე: ბიზნესომბუდსმენმა მხოლოდ შუამავლის როლი არ უნდა შეასრულოს, ინიციატორიც უნდა იყოს

"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ორი წელია ქვეყანას ბიზნესომბუდსმენი არ ჰყავს და შეიძლება ითქვას, ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესი დაუცველი იყო", - ასე აფასებს "ბიზნესპარტნიორთან" რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელიას დანიშნვას.

მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენმა, პრობლემების მოგვარების მიზნით, ბიზნესის სახელმწიფოსთან ურთიერთობა უნდა გაამარტივოს. შოთა ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ოთარ დანელია ამ მიმართულებით სწორ ქმედებებს განახორციელებს. 

"ოთარ დანელია ბიზნესს კარგად იცნობს, გარკვეული მიდგომები აქვს, ვნახოთ, ალბათ გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რაც ბიზნესს აქვს. 

ჩემი დარგის შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირი კავშირი გვქონდა ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, შუამავალი დამატებითი რგოლი საჭირო არ იყო.

მიუხედავად იმისა, ბიზნესომბუდსმენთან ხშირი კონტაქტი გვქონდა და გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე ჩვენთან ერთად იბრძოდა, მან მხოლოდ შუამავლის როლი არ უნდა შეასრულოს, თვითონ უნდა იყოს ინიციატორი. ხშირად უნდა იყოს საუბარი სხვადასხვა ბიზნესში არსებულ პრობლემებზე, შეხვედრები უნდა შედგეს. შეიძლება ყველა შეხვედრის შემდეგ პრობლემა არ გადაწყდეს, მაგრამ დღის წესრიგში უნდა იდგეს. ამას სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს და პრობლემებიც უფრო მარტივად მოგვარდება",- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

შეგახსენებთ, 2020 წლიდან ბიზნესობუდსმენის თანამდებობა ვაკანტური გახდა, მას შემდეგ რაც მიხეილ დაუშვილმა ეს პოსტი დატოვა და პარლამენტში გადაინაცვლა. ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ნინო კვეტენაძე ასრულებდა. 

Businesspartner