ბიზნესი
05/04/2021

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიანტებს 1-ელ მაისამდე ანგარიშგების ვალდებულება აქვთ

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელებს 1-ელ მაისამდე ანგარიშგების ვალდებულება აქვთ, - ლიცენზიანტებს ამას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონი ავალდებულებს შესაბამისად აკისრიათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ორგანიზაციების მისამართზე წარდგენის ნაცვლად, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, თევზჭერის ლიცენზიის მფლობელები და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს info@des.gov.ge-ზე და ლიცენზიის გამცემს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს info@nea.gov.ge-ზე ელექტრონული სახით წარუდგინონ ანგარიში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N179 ბრძანების შესაბამისად.

ამასთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეგახსენებთ, რომ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.