ბიზნესი
16/02/2021

Bright Minds: გადარჩება ის ბიზნესი, რომელიც ადაპტაციას სწრაფად შეძლებს

პანდემიამ და ამ პერიოდით გამოწვეულმა დისტანციურმა სამუშაო რეჟიმმა დასაქმების ბაზარზე  ტენდენციები შეცვალა. როგორც საერთაშორისო რეკრუტინგული კომპანია Bright Minds-ის დამფუძნებელი და დირექტორი ნინო ბერძნიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  განმარტავს, აღნიშნულ პერიოდში აქტიურად წარმოიშვა კიდევ უფრო გონებაგახსნილი, მოქნილი, ადაპტაციის მაღალი უნარისა და ემოციური ინტელექტის დონის მქონე თანამშრომლების საჭიროება.

კერძოდ, გაერთიანდა ზოგიერთი ფუნქციონალი/როლი და მეტწილად ჰიბრიდული სახე მიიღო. პასუხისმგებლობის გრძნობა, ახალ პირობებთან თანაცხოვრება და გამოსავალის ვარიაციების პოვნა არა მხოლოდ წამყვანი, არამედ ყველა პოზიციებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა.

როგორც ნინო ბერძნიშვილი აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში დიდი ინტერესია IT სფეროს წარმომადგენლების, კერძოდ, სხვადასხვა ტიპისა და რანგის პროგრამისტების (დეველოპერების) მიმართ. აქტიურია ინტერესი ციფრული მარკეტინგის, გაყიდვებისა და მომიჯნავე სფეროებთან მიმართებაშიც.

“პანდემიის პერიოდში რეგულაციებიდან და შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, თავისთავად მკვეთრი ვარდნა იყო არა მხოლოდ ჩვენს სეგმენტში და ქვეყანაში, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით. უცხოური ბიზნესის შემოსვლამ საქართველოში თავისთავად იკლო. თუმცა, ნათელი გონების (ე.წ. „ბრაით მაინდს“) კომპანიებმა ამ პერიოდშიც კი მოახერხეს ახალი შესაძლებლობებისა და ნიშის პოვნა/დანახვა. გარკვეულწილად, ონლაინ სფეროსა და home office რეჟიმში მუშაობის გააქტიურებამ ფიზიკური საზღვრები გააქრო რიგი კომპანიებისა და სპეციალისტებისთვის. აქედან გამომდინარე, რეკრუტინგმაც ისევე, როგორც სხვა სერვისებმა, რომლებსაც ჩვეული ფორმით ვახორციელებდით სახეცვლილება განიცადა და ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.

Bright Minds პირველი იყო, ვინც კომპანიებისთვის ონლაინ საახალწლო კორპორატიული ღონისძიების შეთავაზების იდეითა და კონცეფციით გამოვიდა. ამასთანავე, წელს Bright Minds აკადემიის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოში ორი ახალი სპეციალობის შემოსვლასა და დამკვიდრებას, რომელსაც ჩვენს ბაზარზე ანალოგი ჯერ არ აქვს,“ - აცხადებს ნინო ბერძნიშვილი.

რაც შეეხება მოლოდინს, ბერძნიშვილი განმარტავს, რომ „გადარჩებიან“ და ახალ სასიცოცხლო რესურსს შეიძენენ ის პროფესიები, სპეციალისტები და ბიზნეს სექტორები, ვინც მოკლე დროში რეფრეიმინგს, გადაწყობას, სწრაფი ცვლილებების პერიოდში ადაპტაციასა და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ.

მისი ინფორმაციით, ტექნოლოგიები და რა თქმა უნდა ფინტექ სფერო კიდევ უფრო აქტუალური და ინოვაციური გახდება.   

„ქართულთან ერთად, აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოურ კომპანიებთანაც. ჩვენი პარტნიორების გეოგრაფიული რუკა საკმაოდ ვრცელია - აშშ, ინგლისი, იტალია, ლიეტუვა, თურქეთი, ირანი, ამიერკავკასიის ქვეყნები და ა.შ. პანდემიამდელი მდგომარეობა რა თქმა უნდა რადიკალურად განსხვავდებოდა, იყო საკმაოდ მზარდი მოთხოვნა, აქტიური ინტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ, განვითარების სურვილი და შესაძლებლობა,“ - აღნიშნავს ბერძნიშვილი.

შეგახსენებთ, Bright Minds  2016 წელს ქართული და უცხოური გამოცდილების შერწყმის შედეგად დაფუძნდა. კომპანია აერთიანებს იდენტური ღირებულებების მქონე თანამოაზრეებს, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც ახალი იდეების ხორცშესხმისთვის მუდმივად სცდებიან ჩარჩოებს.

კომპანიის საქმიანობის სფეროა რეკრუტინგი და კონსალტინგი. პირველი საკუთარ თავში მოიაზრებს როგორც დამსაქმებელი კომპანიებისთვის კონკრეტულ ვაკანსიებზე საუკეთესო კადრების მოძიებას და HR აუთსორსინგული მომსახურების ფართო სპექტრს, ასევე ქოუჩინგს, ტრენინგებსა და თიმბილდინგს.

„რაც შეეხება კონსალტინგს - ამ მიმართულებით უცხოურ კომპანიებს ვთავაზობთ საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში მხარდაჭერას, დაწყებული კომპანიის დარეგისტრირებიდან, დასრულებული ფინანსური და იურუდიული მხარდაჭერით“-აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი.