ბიზნესი
05/04/2023

BPN GEORGIA ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად

საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობა რომ ძალიან მაღალია, ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. ისიც ცხადია, რომ ჩვენს ქვეყანას უსაზღვროდ დიდი პოტენციალი აქვს და ამ დარგის განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საერთო ეკონომიკური ფონის გასაუმჯობესებლად. 

უდიდესი შესაძლებლობა იყო საქართველოსთვის, ყოფილიყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენის - ITB Berlin მასპინძელი ქვეყანა და ამ გზით არაერთი პოტენციური ვიზიტორისთვის მიეწვდინა ხმა, მთელი მსოფლიოსთვის გაეცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი.

წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ასევე ბაკურიანში გამართული ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის  მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქვეყნიდან ესტმუმრნენ სპორტსმენები და მათი გულშემატკივრები ჩვენს ქვეყანას, რომელსაც მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურას, ბუნებას, ფოლკლორს, ღვინის საუკუნოვან ტრადიციასა და მრავალფეროვან გასტრონომიასთან ერთად, ზამთრის სამოთხეც შეუძლია შესთავაზოს თხილამურისა და სნოუბორდის მოყვარულებს. 

საქართველომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მისი კუთვნილი საპატიო ადგილი რომ დაიმკვიდროს, შესაბამისად განვითარებული ტურისტული სერვისების მიწოდებაც უნდა უზრუნველყოს. ამაში წვლილის შეტანა ყველას შეუძლია, ვინც პირდაპირ თუ ირიბად წარმოადგენს თუნდაც პატარა რგოლს იმ დიდი ინფრასტრუქტურული ჯაჭვის, რომლის მთლიანობაც ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. 

გრძელვადიანი ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში BPN Georgia-ს საკუთარი წვლილი შეაქვს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთი ტურისტული ობიექტია BPN Georgia-ს პროგრამაში აქტიურად ჩართული.

ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტები მუდმივად უზიარებენ საკუთარ ქართულ-შვეიცარიულ გამოცდილებას იმ მეწარმეებს, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ მომსახურეობას სთავაზობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს.

BPN Georgia-ს ექსპერტები ადგილზე სტუმრობენ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს, ეცნობიან სიტუაციას და მეწარმეებთან ერთად ინდივიდუალური ქოუჩინგების ფორმატში იმ მიღწევებსა და გამოწვევების დაძლევაზე მსჯელობენ, რომლებიც მათთვის აქტუალურია. 

BPN Georgia-ს მიზანია არამხოლოდ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს, არამედ მათაც მისცეს შანსი ერთმანეთისგან მოისმინონ, რა პრობლემებს აწყდება სფერო კონკრეტულ შემთხვევებში და ამავდროულად იმსჯელონ გამოწვევების დაძლევის ალტერნატიულ გზებზე. ამ მიზნით სხვადასხვა ფორმატში არაერთი  შეხვედრა იმართება, სადაც დარგის ექსპერტები შვეიცარიიდანაც აქტიურად იღებენ მონაწილეობას. 

ამავე მიზნით დაგეგმილია ტრენინგი, სადაც დარგის ადგილობრივი  ექსპერტი საკუთარ დიდ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებს დაინტერესებულ პირებს იმ ონლაინ პლატფორმების( Booking.com; Airbnb) მართვის შესახებ, რომელთა გვერდის ავლა ციფრულ ერაში ამ სამყაროს წარმომადგენელი ტურისტის მსგავსად არც სასტუმრო ბიზნეს შეუძლია.

თუ თქვენც ტურისტულ სექტორს წარმოადგენთ და გსურთ საკუთარი ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებით მართოთ, თუ თვლით, რომ დარგის ექპსერტების ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია თქვენთვის, შემოგვიერთდით, გახდით BPN Georgia-ს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე. ჩვენი წარმომადგენლები მზად არიან გაგიწიონ მეგზურობა თქვენი საქმიანობის განვითარების გზაზე.
ერთად ძლიერი მეწარმეობისთვის!