ბიზნესი
23/03/2022

ბოტანიკური სასმელი "კაი": მინის ტარა ახლა უკრაინის ნაცვლად თურქეთიდან შემოგვაქვს

რუსეთ-უკრაინის ომმა პირველ ქართულ ბოტანიკურ სასმელს „კაი“ სხვა კომპანიების მსგავსად მინის ტარის იმპორტის პრობლემა შეუქმნა.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გამო კომპანიას უკრაინული ბაზრის თურქეთით ჩანაცვლება მოუწია.

„მინის ტარა შემოდიოდა უკრაინიდან, ასევე ვაპირებდით  ქილის იმპორტსაც, სამწუხაროდ ვერ მოვასწარით. ახლა თურქეთთან ვთანამშრომლობთ, თუმცა, ამ შემთხვევაში  პრობლემა ერთჯერადად შეკვეთის რაოდენობამ შექმნა. თურქეთი მსხვილ შეკვეთებზე მუშაობს, ეს კი ჩვენთვის პრობლემაა. ახლა მოგვიწევს ნედლეულში დროებით თანხის გაყინვა. ანუ, დიდი რაოდენობით უნდა ვიყიდოთ ტარა, რომელიც შეიძლება  ერთი წელი ვერ გამოვიყენოთ, თანხის გაყინვაში ეს იგულისხმება,“ - აცხადებს ჯირკვალიძე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ თანამშრომლობს ადგილობრივ „მინასთან“, ჯირკვალიძე  განმარტავს, რომ ადგილობრივი კომპანია გამჭვირვალე ბოთლს არ აწარმოებს.

ამ დროისთვის ბოტანიკური სასმელის ექსპორტი ხორციელდება პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანადის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებითაც, რომელიც დიდი ალბათობით რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, ზაფხულში უნდა დასრულდეს.

გამაგრილებელი სასმელი ქართველი  მეცნიერების მიერ შემუშავებული ფორმულით შეიქმნა და ალპური კავკასიონის 16 მცენარისგან არის დამზადებული. გაზიარებული-გამაგრილებელი სასმელის წარმოება პანდემიის პერიოდში, 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

პროექტის საინვესტიციო  ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარია. საწყის ეტაპზე კომპანია 50 ადამიანს ასაქმებს. „შეცვალე ქიმია ბოტანიკით“ ბრენდის მთავარი დევიზია და ეტაპობრივად ბაზარს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. ამჟამად „კაის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება.