ბიზნესი
27/01/2022

BOO Jewellery-ს "მომავლის სამკაულები" გაყიდვაში თებერვლიდან ჩაეშვება 

ქართული ბრენდის BOO Jewellery-ს ახალი კოლექცია The Future-ს სამკაულების შეძენას მომხმარებელი თებერვლის შუა რიცხვებიდან შეძლებს.

კომპანიის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი თამუნა ჯიქია „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ აქსესუარების დიზაინი უნიკალურია და იმდენად რთული მოდელებია, რომ საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდება თითოეულს, მათ შორის სათვალეს, რომლის ყველა დეტალი ხელით არის დამზადებული.

"ცოტა ხნის წინ გვქონდა ახალი კოლექციის The Future-ს პერფორმანსის სტილის ჩვენება, ლელა ჭინჭარაულის ნახატებთან კოლაბორაციით, რომელიც 12 წუთი გაგრძელდა, სადაც ასევე 12 სამკაული და 12 ნახატი იყო წარმოდგენილი. მინდა აღვნიშნო, რომ კოსტუმებიც და მუსიკაც სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა. ახალი კოლექციით საზოგადოებას გადმოვეცი თუ როგორია ჩემი თვალით დანახული მომავლის აქსესუარები. ვფიქრობ, მომავალში ადამიანები უარს იტყვიან სტანდარტულ სამკაულებზე, ბეჭდებზე, საყურეებზე, სამაჯურებზე და გადავლენ არასტანდარტულ აქსესუარებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენების სლოგანი იყო "Join us from the present to the future". პერფორმანსი ძალიან ემოციური აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, დღემდე ვიღებთ დადებით შეფასებებს.

მიუხედავად იმისა რომ ჯერ კოლექციის სრული ფოტო მასალა დადებულიც არ არის და საზოგადოება მხოლოდ ჩვენებიდან ან ონლაინ გაეცნო ამ კოლექციას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ძალიან დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით სათვალეებზე და მაქსიმალურად ვცდილობთ სწრაფად ჩავუშვათ გაყიდვაში. კოლექციის ნაწილი უკვე წარმოდგენილია ნიუ-იორკში, ბროდვეიზე არსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში Flying Solo. აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარმივადგინოთ ახალი კოლექცია ყველა ჩვენს შოურუმში და განსაკუთრებით საქართველოს შოურუმში", – აღნიშნავს თამუნა ჯიქია.

შეგახსენებთ, რომ ბრენდი 2018 წელს საქართველოში შეიქმნა და ნებისმიერი პროდუქცია მხოლოდ აქ მზადდება. აქსესუარები არ არის ქარხნული წარმოების და ხელით, უმაღლესი სინჯის ვერცხლსგან იქმნება. BOO Jewellery–ს შოურუმი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზეა წარმოდგენილი.

ინფორმაციისთვის, BOO Jewellery SS 22 X Leluka art პერფორმანსზე The-art-i-ის დასმა იმუშავა, ლელუკა ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით. მუსიკა ბუთა ბაბილოძეს ეკუთვნის და კოსტიუმები, თამუნა ჯიქიას დიზაინით ნინო გოგიბერიძემ შექმნა. პერფორმანსი გაიმართა Silk Factory Studio-ს საგამოფენო დარბაზში.