ბოგდანოვკაში 2023 წლის შემოდგომამდე ახალი თიზ-ი ამოქმედდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში 1,117,450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადად 50 წელს განსაზღვრავს. დოკუმენტის თანხმად, საგარეჯოს თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს „ასი გრუპ ჯორჯია.“
საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად არაუგვიანეს 2023 წლის 1 სექტემბერი განისაზღვრა.
მმართველი კომპანია ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა, საგარეჯოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში მოაწყოს საბაჟო გამშვები პუნქტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა შემდეგი პირობების დაცვით: საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის (მათ შორის, ხელბარგის რენტგენოსკანერის) განთავსება, სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება, საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფა და სხვა. კომპანია ასევე ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა შეიმუშაოს და ეკონომიკის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა.
„ასი გრუპ ჯორჯია“ 2021 წლის ივლისშია რეგისტრირებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ოსამა ალ შანტია (იორდანია).
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის სპეციალური ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი სახე, სადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს საგადასახადო შეღავათები და დამატებითი პირობები. სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნა მიზნად ისახავს ინვესტიციების გაზრდას ბიზნესისთვის მაქსიმალურად მისაღები ეკონომიკური გარემოს შექმნის გზით. საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა 2008 წლიდან დაიწყო. შეიქმნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ქუთაისში, ფოთში, თბილისში.