"ბლაუენშტაინ საქართველო" ქუთაისში ხორცის მოძრავ მაღაზიებს გახსნის
ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხორცის მოძრავ მაღაზიებს ამბროლაურის შემდეგ, ქუთაისშიც გახსნის.
ეს მაღაზიისთვის საჭირო სპეციფიკის სპეციალიზებული მანქანაა, რომელშიც თანამედროვე ტექნოლოგიების დახლ მაცივრები, შესანახი სათავსოები და პერსონალისთვის საჭირო ინვენტარია მოწყობილი.
როგორც „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორმა თათია არაბიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია და დარჩენილია ოფიციალური მხარის მოგვარება.
„მოლაპარაკებები გვაქვს ქუთაისის მერიასთან, რომელიც დასრულების ფაზაშია. საწყის ეტაპზე ქუთაისში ერთი მაღაზია გვექნება, დანარჩენი მოლაპარაკების შემდეგ დაემატება,“ - აცხადებს არაბიძე.
კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაიხსნება ქუთაისში ხორცის მოძრავი მაღაზიები უცნობია, რადგან როგორც არაბიძე აცხადებს, ეს შესაძლოა იყოს 2 კვირა ან 2 თვე, ყველაფერი ადგილობრივ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
არაბიძე აცხადებს, რომ კომპანიამ პირველი მოძრავი მაღაზია 2020 წლის აგვისტოში ამბროლაურში გახსნა. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ახალმა პროექტმა გაამართლა და რაჭაში საკმაოდ წარმატებით იმუშავა.
მისი ინფორმაციით, კომპანიის გადაწყვეტილებით, მოძრავი მაღაზია რაჭაში ზაფხულის სეზონზე იმუშავებს, ქუთაისში კი - ყველა სეზონზე.
კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო 2009 წელს ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში, სოფელ შარდომეთში 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.