“ბლაუენშტაინ საქართველო“ ღორების ფერმას რამდენიმე კვირაში აამოქმედებს
ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ ღორების ფერმის მშენებლობა დაასრულა. როგორც კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორმა თათია არაბიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ ეტაპზე დარჩენილია ობიექტის ინსპექტირების პროცესი, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა განახორციელოს.
მისი ინფორმაცით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უწყება გასცემს ნებართვას, „ბლაუენშტაინ საქართველო“ ღორების შემოყვანას დაიწყებს. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინასთან და ავსტრიასთან. საწყის ეტაპზე დაგეგმილია, სავარაუდოდ, 70 დედაღორის შემოყვანა.
„დამოკიდებული ვართ საზღვრების გახსნაზეც. ვნახოთ, რომელიც ქვეყანა უფრო მალე გახსნის საზღვარს.გადამზადებულია კადრებიც.“-აცხადებს არაბიძე.
პროექტი რაჭაში, სოფელ სორში, არსებული საქონლის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება და მასში ეტაპობრივად 9 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. აქედან 4 მილიონი ლარი პროექტში უკვე ჩადებულია.
თათია არაბიძე აცხადებს, რომ ქსელში ღორის ხორცის პროდუქცია ფერმის ექსპლოატაციაში გაშვებიდან 9 თვეში შევა.
შეგახსენებთ, კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო 2009 წელს ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში, სოფელ შარდომეთში 18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.