ბიზნესი
29/01/2021

ბლაუენშტაინ საქართველო: გაზრდილი ხარჯის პირობებში ფასები არ გაგვიზრდია

ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორი, თათია არაბიძე „ბიზნესპარნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ გაზრდილი ხარჯის პირობებში ფასების შენარჩუნება შეძლო.

მისი ინფორმაციით, შენარჩუნებულია გაყიდვების მაჩვენებელიც. „კლება ნამდვილად არ არის. საერთო ჭრილში ვინარჩუნებთ იმ ზრდას, რომელიც წლიდან წლამდე ისედაც გვაქვს ხოლმე. მარჟები შეგვიმცირდა, ყველაფერი გაძვირდა, სუნელებს და შესაფუთ მასალას შვეიცარიაში ვყიდულობთ, შესაბამისად გაგვეზარდა ფასები,“ - აცხადებს არაბიძე.

როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი განმარტავს, კომპანიისთვის პანდემიის პირველი ტალღა შედარებით არასტაბილური იყო, შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა.

“პირველი ტალღის დროს ყველაფერი შიშსა და ემოციურობას ეფუძნებოდა. ჩვენ გვყვავს ლოიალური მომხმარებელი, ეს არ არის უბრალოდ შემოვლილი ადამიანი. მაშინ ყველას ვუხსნიდი. რომ მარაგი გვქონდა და მისი ამოწურვის საშიშროება არ იდგა. შესაბამისად ,მათ მარაგებზე ისტერიულად გადასვლა არ სჭირდებოდათ. ამის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა,“ - აცხადებს არაბიძე.

კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ 2009 წელს ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში, სოფელ შარდომეთში 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.