ბიზნესს ოპტიმიზმი გაუჩნდა
ბიზნესს ოპტიმიზმი გაუჩნდა, ამაზე მეტყველებს ISET-ის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI).
2021 წლის I კვარტლისთვის ინდექსი 32.1 პუნქტით და 3.4-მდე გაიზარდა, ეს მნიშნელოვანია წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ.
განწყობა გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობისა. ყველაზე დიდი ზრდაა სამშენებლო სექტორში. როგორც ISET-ში განმარტავენ, BCI-ის დადებითი ცვლილება 2021 წლის I კვარტლისთვის ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით 12.4 პუნქტით გაიზარდა და 2021 წლის I კვარტლისთვის -29.2-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სამშენებლო სექტორშია.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც აჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, 2020 წლის IV კვარტლის გაუარესების შემდეგ მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა და 22.5 პუნქტს მიაღწია.
გაზრდილია გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი და 29.7 პუნქტს აღწევს. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ ბიზნესების უფრო დიდი წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე. ფასების შემცირებას მხოლოდ სამშენებლო სექტორში ელიან.
მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის კვლავინდებურად საქმიანობის შემზღუდველ ფაქტორად რჩება. 2021 წლის I კვარტლისთვის მნიშვნელოვანი გახდა "სხვა" ფაქტორებიც, როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის (გასული ოთხი კვარტლის მდგომარეობით, საშუალოდ, დიდი კომპანიების 27% და მცირე და საშუალო კომპანიების 25% ასახელებს "სხვა" ფაქტორებს მთავარ შემზღუდველ ფაქტორად), რაც ISET-ის ახსნით შესაძლოა, COVID-19-ის მეორე ტალღის შესაბამის შეზღუდვებზე მიუთითებდეს.
ფოტო: bigthink