ბიზნესის განწყობები რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა - თამაზ დაუშვილი
კომპანია „დიოს“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორის, თამაზ დაუშვილის განცხადებით, ლარის ასეთი გაუფასურება პირადპირპროპორციულად ნიშნავს, რომ მოსახლეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო ღარიბდება, ბიზნესის განწყობები კი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.
„უკვე 6 წელია რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო და ბოლო არ უჩანს. ამის მიზეზი არავითარი ფუნდამენტური ფაქტორები და "შოკუნიები" არ არის და არც იყო. ამის მიზეზი არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობაა. თუ ერთხელ და სამუდამოდ ლარი არ მიება რომელიმე მყარ ვალუტას ან ლართან ერთად პარალელურ მიმოქცევაში არ დაიშვა ევრო და დოლარი, ლარის კატასტროფული გაუფასურება გაგრძელდება და ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მივა. მინდა იმედი ვიქონიო, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ამჟამინდელი ან მომავალი მთავრობა აუცილებლად მიიღებს ფინანსური სტაბილურობისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყევტილებას და ლარი გახდება მყარი და საიმედო ვალუტა. ამის გარეშე ყოველგვარ ეკონომიკურ წარმატებაზე და აღმავლობაზე საუბარიც კი ზედმეტი იქნება“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.
მისი ინფორმაციით, მთავრიბამ და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბოლო დროის სტაბილური კურსი რაც იყო, იგულისხმება 3.06-3.07 ნიშნული, შენარჩუნდეს და ბიზნესს დამატებითი წნეხი არ დააწვეს. „კორონავირუსის გამო ბიზნესს ისედაც საკმარისზე მეტი პრობლემა აქვს და ლარის სტაბილურობა ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მაქვს მოლოდინი, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და შეუწყობს ხელს ლარის სტაბილურობას, ეს ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.
ბიზნესმენის თქმით, სასიგნალო ოფიცილაური კურსი 3.15 ნიშნულია,რომლის შემდეგაც კომპანია ფასების გადახედვას დაიწყებს.