ბიზნესი
04/10/2020

ბიზნესი ვარაუდობს, COVID-ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო მთავრობა შეზღუდვებს აამოქმედებს

საქართველოს ბიზნესასოციაციაში ვარაუდობენ, რომ კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი მატების გამო სახელმწიფო გარკვეულ შეზღუდვებს კვლავ აამოქმედებს. ამის გამო კერძო სექტორი მთავრობასთან კონსულტაციის გავლას ითხოვს.

„ჩვენ გვაქვს ისრაელის ქვეყნის მაგალითი. ისრაელის მთავრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამშვიდებდა ბიზნესს და ეუბნებოდა, რომ არანირი კარანტინი არ იქნებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მაღალი ტემპით გაიზარდა იძულებულები გახდნენ და გარკვეული შეზღუდვები აღადგინეს. აქედან გამომდინარე, მოგვიწევს საქართველოს მთავრობასთან დროული კომუნიკაცია და მათაც მოუწევთ ამ გეგმის წარმოდგენა, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა თეორიულად ავიდა 800-1000 კაცზე დღეში, მაშინ ყველა კარგად ხვდება, რომ გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება და სწორედ ამ დროს, ამ ახალ შეზღუდვებში რომელი ბიზნესი, როგორ იმუშავებს, უნდა ვიცოდეთ. გამოცდილება დაგვიგროვდა და მისი გათვალისწინებით გვჭირდება კონკრეტული გაწერილი გეგმა, რა ეტაპზე, რა ბიზნესი შეიძლება გაგრძელდეს, ან როგორც იცვალოს ბიზნესმა ოპერირების ფორმა“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.