ბიზნესი
15/06/2021

ბიზნესი ვაქცინირებულთათვის ფასდაკლების შეთავაზების დეტალებს 10 დღეში ელოდება

ფასდაკლებების რა მოდელს შესთავაზებს მთავრობა და ბიზნესი სრულად ვაქცინირებულ მომხმარებელს ამ დროისთვის უცნობია. ასევე ამ ეტაპზე გაურკვეველია რა სეგმენტზე გავრცელდება ინიციატივა და როგორი იქნება ადმინისტრირების ფორმა. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" “თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი ამბობს, მსგავსი ინიციატივა კერძო სექტორს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა და მისთვის საშოპინგე ფესტივალის სახის მიცემა განიხილებოდა.

მისივე თქმით, შეთავაზებაზე მუშაობა ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

„დეტალები სრულად დამუშავებული არ არის. მსჯელობა იქნება მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში და საბოლოოდ მომზადებული პროდუქტი ბაზარზე შეთავაზების სახით გამოვა,“ - აცხადებს ყარალაშვილი.

კითხვაზე, ხომ არ იქნება ეს ინიციატივა ბიზნესისთვის დამატებითი წნეხი, „თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ არა - რადგან ამ დროისთვის ბრენდულ მაღაზიებში მხოლოდ სეზონური ფასდაკლებებია.

“აღსანიშნავია, მსგავსი ინიციატივა რამდენჯერმე იყო გაჟღერებული, მათ შორის, დარგობრივ შეხვედრებზე. რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ, რადგან ეს დიდი მოტივაცია და სტიმული შეიძლება იყოს ადამიანებისთვის. ჩვენ როგორც დარგმა გამოვხატეთ მზაობა, რომ ამ ინიციატივაში ჩავერთოთ და ერთგვარი წახალისება გავაკეთოთ, წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ  ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფი ტემპით წავიდეს და ქვეყანა მალე გაიხსნას.

მნიშვნელოვანია ტურიზმი ამუშავდეს და საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსისთვის ნაბიჯები გადადგას. დღეს სამწუხაროდ ისევ წითელ ზონაში ვართ. ბიზნესისთვის ბენეფიტიც ეს იქნება - ეკონომიკა გაიხსნება,“ - აცხადებს ყარალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სრულად ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება. მაგალითად, მათ, ვისაც ორჯერ ექნებათ ვაქცინა გაკეთებული, შესაძლოა ფასდაკლებები შესთავაზონ.