ბიზნესი კადრებს ვერ ინარჩუნებს, ეს უფრო რთულ ვითარებას შექმნის - “ივერონი“
2020 წელი დეველოპერული სექტორისთვის, ისევე როგორც, ზოგადად, ქვეყნისთვის, ურთულესი იყო, - დეველოპერული კომპანია „ივერონის“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაყელი მიმდინარე წელს აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ მთავრობის ხელშეწყობა უფრო ხელშესახები და კომპლექსური არ იქნება, 2021 წელი კიდევ უფრო რთული იქნება.
როგორც ჯაყელი ამბობს, პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა უფრო იგრძნობოდა, მათ შორის, საკმაოდ კარგად მუშაობს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, თუმცა ახლა პრობლემა უფრო მასშტაბურია და გლობალურად გადაწყვეტა სჭირდება.
„შემცირდა გაყიდვებიც, გართულდა სიტუაცია... 4 თვე ხომ გაჩერებულები ვიყავით, თუმცა ეს გადაილახა. ვფიქრობ, რომ მეორე ტალღა უფრო რთულ პროცესებს გამოიწვევს. ბიზნესმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ღირსეულად გამოვსულოყავით სიტუაციიდან, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგი მიგვეღო, მაგრამ მეორე ტალღიდან გამოსვლას რამდენად შევძლებთ არ ვიცი. დიდი მხარდაჭერა არც მთავრობისგან და არც ბანკებისგან არ არის. დაანონსებულიც კი არ არის რას აპირებენ. ახლა უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე პირველი ტალღის დროს იყო. ირგვლივ რასაც ვუყურებ, ხალხი კადრებს ვერ ინარჩუნებს, ეს კი ბევრად რთულ ვითარებას შექმნის. გაყიდვებზე უკვე ლაპარაკი ზედმეტი იქნება,“ - აცხადებს ჯაყელი.
მისი განცხადებით, პანდემიამ შეცვლა მომხმარებლის ქცევაც, შესაბამისად, ხალხი უფრო იმ პროექტებში ყიდულობს ბინას, რომელიც მალე დასრულდება. ახალ დაწყებულ პროექტებზე მოთხოვნა საერთოდ არ არის.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, გამოსავალი მთავრობის და ბიზნსის უფრო მეტ მოქნილობასა და მობილობაშია. “ბანკის სესხების გადავადებაზე საერთოდ აღარ მიდის ლაპარაკი. კომპანიებს სესხები აქვთ, რომელსაც ვეღარ იხდიან, სესხები აქვთ ხალხს, რომელსაც ვერ ემსახურებიან. მიღებულ უნდა იქნას ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ გამოინახოს ისეთი გამოსავალი, რომ მეტ-ნაკლებად გამოსწორდეს სიტუაცია,“ - აცხადებს ჯაყელი.