ბიზნეს ასოციაცია: "მეწარმეთა შესახებ" კანონი კარგია, თუმცა კარგი არ ნიშნავს იდეალურს
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
"ეს არის კარგი კანონი, თუმცა კარგი არ ნიშნავს იდეალურს"- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, სადაც "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებისას გამოვლენილი გამოწვევებისა და მიგნებების შესახებ ისაუბრეს.
ნანუაშვილის თქმით, ეს კანონი ბიზნესისთვის არის ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის მეშვეობითაც ის ახორციელებს თავის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმირებას და შემდგომში ფუნქციონირებას.
"ყველაზე კარგი, რაც ამ კანონს აქვს ეს არის საერთო ენა ქართული და დასავლური ბიზნესებისთვის. თუმცა, ამოქმედებიდან დღემდე შესაძლოა კანონს გარკვეული ტექნიკური ცვლილებები სჭირდებოდეს, მათ შორის პრაქტიკაში გამოყენების პროცესში, როგორც სასამართლოს მხრიდან, ასევე სამეწარმეო რეესტრის მხრიდან.
მაგალთად, ერთ-ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რაც შეიძლება განხორცილდეს, არის განთავსებული კაპიტალის ეროვნულ ვალუტაში გამოსახვის ვალდებულება. ქართული კომპანიები ძალიან ინტენსიურად საჭიროებენ ინვესტიციებს, ეს შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, არა მარტო აღრიცხვა-ანგარიშგების თვალსაზრისით. რიგი კომპანიები ოპერაციებს ლარში საერთოდ არ ახორციელებენ, ასევე ეს შეიძლება პრობლემა გახდეს დაბეგვრის მიზნებისათვის.
კანონის ნორმების გარკვეული ნაწილი სავალდებულოა, ნაწილი კი დისპოზიციური. შპს-ების შემთხვევაში ამ კანონის იდეა თავიდანვე იყო, რომ დისპოზიციური ყოფილიყო, თუმცა პრაქტიკამ გვაჩვენა აქ შეიძლება მცირე ტექნიკური ჩარევა იყოს საჭირო,"-აღნიშნავს ნიკა ნანუაშვილი.
მისივე თქმით, კანონი საკმაოდ კომპლექსურია და მისი გამოყენების პროცესში ბუნებრივია რომ იკვეთება გარკვეული ხარვეზები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ განვითარდება სასამართლო პრაქტიკაც.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან და ინვესტორთა საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებისას გამოვლენილი გამოწვევებისა და მიგნებების შესახებ ღონისძიება გამართა.
შეგახსენებთ, რომ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საკორპორაციო მართვის ფილოსოფია, ძალაში 2022 წლის 1 იანვარს შევიდა. კანონის აღსრულების მონიტორინგი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ინვესტორთა საბჭოსთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო.