ბიზნესი
01/11/2021

"ბევრი დაზარალებულია" - დემონტაჟს დაქვემდებარებულ ობიექტებზე დღგ-ს შეღავათი ისევ გავრცელდება

დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დღგ-ს გადასახადის შეღავათი ისევ გავრცელდება. ცვლილებას "საგადასახდო კოდექსი" ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განიხილავენ. 

კანონპროექტი დაუმთავრებელ მშენებლობებს ეხება. 

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა მაია ბითაძემ განმარტა, საკითხი ეხება დღგ-სგან გათავისუფლების ვადის გაგრძელებას იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გამო დაუწესდათ შეღავათები, თუმცა მშენებლობა დღემდე ვერ დაასრულეს. 

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც დღგ-სგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა, 2 500 სუბიექტიდან უმრავლესობამ ისარგებლა. თუმცა, დარჩენილია დაახლოებით 3-4 ობიექტი. 

"ამ შეღავათით სარგებლობა დღევანდელ დღემდე გაიწელა. საქმე ეხებოდა მშენებლობებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო დაწყებული და განიცადეს კოროზია, რამდენიმე მათგანი დაექვემდებარა დემონტაჟს. მიუხედავად იმისა, რომ ის ობიექტები თავისი შინაარსით მიბმულია 2008 წლის ომის შემდეგ დაწესებულ შეღავათებს, ახალი მშენებლობის წამოწყებისთვის საჭიროებენ ახალ ნებართვას. შესაბამისად, "საგადასახდო კოდექსით" გათვალისწინებული ეს შეღავათი მათზე აღარ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა "საგადასახდო კოდექსში" ცვლილების შეტანა და ვადის გადმოწევა ამგვარი ობიექტებისთვის, იმისთვის რომ ეს კონკრეტული ობიექტები დასრულდეს. რეალურად საუბარია რამდენიმე ობიექტზე, თუმცა დაზარალებულთა რაოდენობა ძალიან ბევრია. იმისთვის, რომ ინვესტორმა დაასრულოს, განსაკუთრებით "ცენტრ პოინტთან" მიმართებით ვიცით როგორი პრობლემატური იყო და რა შრომა იყო გაწეული სახელმწიფოს მხრიდან, იმისთვის, რომ მოქალაქეები დაკმაყოფილებულიყვნენ და პრობლემა გადაჭრილიყო, რამდენიმე ობიექტთან მიმართებით პრობლემა რჩება და იმისთვის, რომ დაინტერესებული ინვესტორი არ მოექცეს დამატებით წნეხში, ფინანსური კუთხით, ასევე მათზე გავრცელდეს იგივე შეღავათები, რაც სხვა ობიექტებზე გავრცელდა, სადაც ობიექტების დემონტაჟი აუცილებელი არ არის", - აღნიშნა მაია ბითაძემ.