Beko საქართველოს მასშტაბით, მულტიბრენდული მაღაზიების გახსნას გეგმავს
Beko საქართველოს მასშტაბით, მულტიბრენდული მაღაზიების გახსნას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა, ქსელის გაფართოება კომპანიის სტრატეგიის ნაწილია და ახლა, ის შერეული მაღაზიების კონცეფციის განვითარებას აპირებს.
„აბსოლუტურად ყველა ბრენდი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ (Beko, არზუმი, Ozdilek და სხვა) იქნება ამ ერთი კონცეფციის მაღაზიაში წარმოდგენილი. ნელ-ნელა უფრო დიდ და მულტიბრენდულ მაღაზიებზე გადავალთ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება, რომ შეიქმნას ახალი ბრენდი, ახალი ლოგო, განისაზღვროს კონცეფცია. 1-2 წელი დასჭირდება ამ ყველაფერს, რადგან ძალიან დიდი რესურსი და თანხა იქნება საჭირო. გვაქვს კიდევ ერთი სიახლეც, მალე ჩვენს მაღაზიათა ქსელში Indesit-საც შემოვიყვანთ. “, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მეჰმედ მელექმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კომპანიის შერეული მაღაზიები Beko-ს ბრენდით ოპერირებს, თუმცა, სამომავლოდ, მას სულ სხვა სახელი ერქმევა და გაცილებით მასშტაბური იქნება.
„მაგალითად, წლის ბოლომდე, გორში ვაპირებთ შერეული მაღაზიის გახსნას, რომელიც „გორი მოლში“ განთავსდება. რა თანხის ინვესტიციას ჩავდებთ, ჯერ არ ვიცით, ეს დამოკიდებული იქნება მაღაზიის კვადრატულობაზე და ახლა მიდის სწორედ ამ საკითხზე მოლაპარაკებები“,- განმარტა Beko-ს გენერალურმა დირექტორმა.
მისივე განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისში Beko-ს ახალი ფილიალები ზუგდიდსა და ახმეტაში გაიხსნა. აღნიშნული 2 პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 500 000 ლარია.
„ახმეტაში 150 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული ჩვენი მაღაზია, რომელიც იანვრის ბოლოს გაიხსნა და დავასაქმეთ 3 ადამიანი. რაც შეეხება ზუგდიდს, იქ შერეული მაღაზია თებერვალში გავხსენით და Beko-ს პროდუქციის გარდა, წარმოდგენილია ჩვენი სხვა ბრენდებიც“, - აღნიშნა მეჰმედ მელექმა.
მისივე ინფორმაციით, Beko-ს ზუგდიდის ფილიალი მაღალი დატვირთვით მუშაობს, ახმეტის ფილიალში კი გაყიდვები, ჯერჯერობით, ნელი ტემპით იზრდება.
ცნობისთვის, Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 100-ამდე სავაჭრო წერტილს ფლობს. თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორებიც არის: „ბრიკორამა“, „დიმინო“, „გორგია“და „ზოდი“, ასევე, რამდენიმე ინტერნეტ მაღაზიასთან.