Beko-ს დირექტორი: მომხმარებელი ყიდულობს ყველაფერს, არასეზონურ პროდუქციასაც
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ 4 დღის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის მხრიდან ასეთ დიდ აქტივობას არ ელოდება. მისი განცხადებით, მომხმარებელი ყიდულობს ყველაფერს, მათ შორის, არასეზონურ პროდუქციასაც, უპირატესობა კი მობილურ ტელეფონებს და კომპიუტერებს ენიჭება.
„ასეთი აქტივობა ალბათ იმის ბრალია, რომ მთელი იანვარი დახურულები ვიყავით, ხალხმა გადადო რაც სჭირდებოდა და ახლა ყიდულობს. ზოგადად, თებერვალში დაბალი აქტივობაა ხოლმე, თუმცა წელს გამონაკლისი აღმოჩნდა. 8 თებერვლიდან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება და თუ ქვეყანაში შეზღუდვები უფრო შერბილდება, ბევრად კარგი რეალიზაციის მაჩვენებელი გვექნება. გვაქვს მოლოდინი, რომ 14 თებერვლისთვის უფრო მეტად გაიზრდება გაყიდვები და სარეალიზაციო ნუსხას დაემატება წვრილი ტექნიკა,მათ შორის, ფენები, მიქსერები,ბლენდერები და ასე შემდეგ,“ - აცხადებს მეჰმედ მელექი.
შეგახსენებთ, Beko-ს ქსელი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დახურული იყო. ყველა მაღაზია 1 თებერვლიდან გაიხსნა. გამონაკლისი იყო წინასაახალწლოდ მოლების გახსნა, როცა მაღაზიებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ.