ბიზნესი
07/06/2023
ბექა გონაშვილი: სექტემბერ-ოქტომბრამდე ცხვარზე დაბალი მოთხოვნა იქნება
„აგროქიზიყის“ ხელმძღვანელი სექტემბერ-ოქტომბრამდე, ქართულ ცხვარზე მოთხოვნის მკვეთრ ვარდნას ელის.
როგორც ბექა გონაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, „ყურბან ბაირამის“ დღესასწაულისთვის არაბულ ქვეყნებში საქართველოდან ყოველწლიურად ნაკლები ცხვრის გაყვანა ესწრება.
„ყურბან ბაირამის დღესასწაული ყოველწლიურად იწევს და დგება ათი დღით უფრო ადრე. მაგალითად, წელს ორ კვირაში არის ეს დღესასწაული. ქართული ცხვარი აქამდე რაც გავიდა ექსპორტზე ხომ კარგი, თუ არადა სექტემბერ-ოქტომბრამდე მოთხოვნა არ იქნება ან იქნება ძალიან დაბალი. ამ დღესასწაულს აქვს თავისი წესი და ცხვარი, რომელიც ამ დროს იკვლება უნდა იყოს 6 თვიდან ერთ წლამდე, ჩვენი ცხვარი კი რომელიც იანვარ-თებერვალში დაიბადა, წონით არის პატარა და არ არის მზად საექსპორტოდ.
აქედან გამომდინარე დიდი მოლოდინი არ გვაქვს. ყურბან ბაირამის დღესასწაულისთვის, ბოლო პერიოდში ექსპორტი თუ ვინმეს განუხორციელებია, არც კი ვიცი, იმდენად შემცირებულია მოთხოვნა.“-აღნიშნა ბექა გონაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა მეცხვარეებისთვის კიდევ ერთი პრობლემა ლარის კურსია. ბექა გონაშვილის განმარტებით, ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე მეცხვარეები ლარში ნაკლებ შემოსავალს იღებენ.
„დოლარის კურსი ცუდად მოქმედებს. ადრე 100 დოლარი 340 ლარი გამოდიოდა და მეცხვარეს უხაროდა 100 დოლარად გავყიდეო. დღეს 100 დოლარი 250-260 ლარია.“-განმარტა ბექა გონაშვილმა.
მისივე განმარტებით, პრობლემებს შორისაა ადამიანური რესურსის არარსებობაც.
„მწყემსებს ფიზიკურად ვერ ვშოულობთ, ვინც ფული მოაგროვა მექსიკის გავლით ამერიკაში წავიდა , ვინც ცოტა ნაკლები შეძლო - ევროპაში გაემგზავრა. რუსეთმა სავიზო რეჟიმი რომ მოიხსნა, ახლა იქითაც ბევრი წავიდა, უფრო ბევრი წავა, ხელფასები გავზარდეთ, მაგრამ აღარ არსებობს მუშახელი,“-აღნიშნა ბექა გონაშვილმა.