ბექა ფერაძე: თუ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვიქნებით, დარღვევა შეიძლება ყველგან არსებობდეს
კორონა ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო საერთო ჯამში შრომის ინსპექციამ 150 ბიზნესი დააჯარიმა. მთავარი შრომის ინსპექტორმა, ბექა ფერაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი მაღალი არ არის.
„2020 წელთან შედარებით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინსპექტირების ტემპმა, ალბათ, 70%-ით დაიკლო. პირველ ადგილზე კოვიდი იყო გადანაცვლებული და სწორედ ამიტომ გახლდათ 300-400 ინსპექტირება განხორციელებული. 88 000-ზე მეტი ეს იყო ინსპექტირება, რომელსაც შეიძლება დავარქვათ საპრევენციო მიზანი. დაჯარიმებული გვყავს 150 ობიექტი, რაც არ არის რაოდენობრივად მაღალი მაჩვენებელი“,- აღნიშნა ფერაძემ.
მისივე თქმით, რეგულაციების შესრულების თვალსაზრისით ბიზნესი პანდემიის დაწყებიდან დღემდე საგრძნობლადაა გაზრდილი.
„თუ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვიქნებით, რაც ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მით უმეტეს, არალოგიკურად მიმაჩნია, დარღვევა შეიძლება ყველგან არსებობდეს. ჩვენი მიზანი იყო ბიზნესის ინდივიდუალურად ინფორმირება, ხშირად რამდენჯერმეც. მცირე და საშუალო ბიზნესს, განსაკუთრებით რეგიონებში, მივდიოდით და ინდივიდუალურად ვუხსნიდით რეგულაციებს. რეკომენდაციების დაცვისა და ბიზნესის მზაობის თვალსაზრისით საკმაოდ გაზრდილი ვართ. მარტის შემდეგ გვაქვს ამის შედეგები, ამის თვალსაჩინო მაგალითია დეკემბერში მოლების მუშაობა“,- განაცხადა ფერაძემ.