Beauty Studio: სალონურ სერვისზე მოთხოვნა 40%-ით შემცირდა
სილამაზის სალონი Beauty Studio–ს დამფუძნებელი ნინო პავლიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მუშაობა ბიზნესის შენარჩუნებაზე მიდის და არა მოგების მიღებაზე. საუბარი არ არის რეინვესტირებაზე.
როგორც პავლიაშვილი აცხადებს, სალონურ პროცედურებზე მოთხოვნა, შესაბამისად, შემოსავალიც, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 35-40%-ითაა შემცირებული.
„ჩვეულებრივი სიტუაცია არ არის, თუმცა ჩვენ უფრო პესიმისტური სცენარისთვის ვიყავით მზად. მომხმარებელი გვყავს, შემოსავალი შეიძლება ბიზნესის ფუნქციონირებისთვის საკმარისი არ იყოს, თუმცა როდესაც ადამიანები ყოველდღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებული, ობიექტს ვერ დავკეტავთ. ბიზნესის და კადრის შენარჩუნებაზე ვმუშაობთ, თორემ რეალურად გაგვეზარდა ხარჯი, მათ შორის, გაიზარდა კომუნალური გადასახადების წილი,“ - აცხადებს პავლიაშვილი.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ყველაფერი გაძვირდა, კომპანია ფასებს ინარჩუნებს და არ აძვირებს.
„სანამ არ გაიხსნება სხვადასხვა ბიზნესი, კონკრეტული ობიექტები, სადაც ხალხია დასაქმებული, ჩვენთან აქტივობა არ გაიზრდება. თუ ადრე რესტორნები მუშაობდა და სადღესასწაულო ვარცხნილობაზე იყო მოთხოვნა, ახლა ეს რეალობა შეიცვალა და მოთხოვნა თმის შეჭრაზეა,“ - აცხადენს ნინო პავლიაშვილი.
შეგახსენებთ, 2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. არ მუშაობს რესტორნები და სავაჭრო მოლები. შეზღუდვები არ შეეხო სილამაზის სალონებს.