ბათუმში წარმოებული ვიტრაჟები ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და აშშ-ში გაიყიდა
ბათუმში წარმოებული ვიტრაჟები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
პროდუქტს Art Glass Studio აწარმოებს, რომლის დამფუძნებელი მერაბ მიქელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აჭარაში წარმოებული ფერადი ვიტრაჟები ექსპორტზე უკვე გავიდა ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცა- ნიდერლანდები, აშშ, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები.
„ამ ეტაპზე, ბათუმში ვოპერირებთ, სადაც საწარმოს ვფლობთ. პროდუქციის რეალიზაციას კი სრულიად საქართველოს მასშტაბით ვახდენთ. შეკვეთები ქვეყნის ყველა რეგიონიდან გვაქვს. ჩვენი ვიტრაჟებით უცხოელებიც დავაინტერესეთ და ექსპორტზეც გავიტანეთ.
საერთაშორისო ბაზრებზე ვიტრაჟებს ბევრი აწარმოებს, თუმცა, როგორც ჩანს, მათთვის ქართული ხედვა, ორნამენტები საინტერესო აღმოჩნდა. გარდა ამისა, ჩვენ შედარებით დაბალი ფასები გვაქვს და მაღალ მოთხოვნას ესეც განაპირობებს“, - აღნიშნა მერქაბ მიქელაძემ.
მისივე თქმით, უცხოეთიდან გაზრდილი შეკვეთებიდან გამომდინარე, Art Glass Studio გაფართოებას და კადრების დამატებას გეგმავს.
„ამჟამად, იმ ადამიანური რესურსით რაც გაგვაჩნია, გაზრდილ შეკვეთებს ვერ ავუდივართ, ამიტომ, ვაპირებთ ვაკანსიების გამოცხადებას და თანამშრომლების დამატებას. იცით, რომ ამჟამად, ძირითადად ხელით ვმუშაობთ, ამიტომ, გვჭირდება ახალი ძალა ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე არსებული მოთხოვნის ასათვისებლად“, - განმარტა Art Glass Studio-ს დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, Art Glass Studio ნებისიერი ტიპის შეკვეთის მიღება შეუძლია. კომპანია ვიტრაჟების მცირე ნაწილს სერიულადაც აწარმოებს.
„ძალიან პოპულარულია ვიტრაჟები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება საქართველოს, აქ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ამ პროდუქტის წარმოებას. დღეს უკვე არიან სხვა მწარმოებლებიც, ძირითადად, მოყვარულები, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ჩვენ გარდა, სხვა მსხვილი საწარმო ამ მიმართულებით არ საქმიანობს. Art Glass Studio -ში ჩვენითვე ვქმნით დიზაინს და შემდეგ უკვე პროდუქტს. ნედლეულად თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებულ მასალებს ვიყენებთ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ვიტრაჟების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული არ მოიპოვება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ მერაბ მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, ვიტრაჟი საკმაოდ ძვირად შეფასებული ხელოვნებაა და ამჟამად, 1 კვადრატული მეტრის მინიმალური ფასი 900 ლარიდან იწყება.
„ვიტრაჟებს სხვადასხვა ტექნოლოგიით ვაწარმოებთ, შესაბამისად, განსხვავდება ფასებიც. თუმცა, ეს არის პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, მაღალ საფასო სეგმენტში გადის“, - განმარტა მერაბ მიქელაძემ.
ცნობისთვის, Art Glass Studio-ს დაფუძნების იდეა მერაბ მიქელაძეს 10-15 წლის წინ გაუჩნდა და მცირე მასშტაბით, წარმოებაც დაიწყო. 2018 წელს კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტიც მიიღო 20 ათასი ლარის ოდენობით და ამ თანხით, ვიტრაჟის კონტურული დანადგარი შეიძინა, რითიც წარმოების პროცესი დახვეწა, გაიმარტივა და უფრო მასშტაბური გახადა. Art Glass Studio-ს საქმიანობა დღეს, ძირითადად, მოიცავს: მხატვრულ ვიტრაჟს, ტიფანისა და გრავირებას.