ბიზნესი
20/09/2021

ბათუმში სამშენებლო ნებართვების გაცემა, შესაძლოა შეიზღუდოს

ბათუმის არქიტექტურის სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობის პერიოდში მშენებლობის ნებართვები შეზღუდული რაოდენობით გაიცეს. ამის ერთადერთ მიზეზად სამსახურის უფროსი, მირიან მეტრეველი „ბიზნესპარტნიორთან“ სამომავლოდ შეუსაბამობების თავიდან აცილებას ასახელებს.

„კვლევების ეტაპი რამდენიმე თვიანია. როდესაც კომპანია აწარმოებს კვლევებს ასეთ დროს არ უნდა მოხდეს მონაცემთა შეუსაბამობა. სწორედ ეს არის შეზღუდვების ფუნქცია. აი, მაგალითად, როდესაც კომპანია რომელიმე კვარტალში იკვლევს რამდენი ნებართვაა გაცემული, რა ინტენსივობა არსებობს, მოსახლეობის რა რაოდენობაზეა გათვლილი იქ არსებული სიმძლავრეები და ამ დროს მას ემატება ახალი ნებართვები, შეიძლება, ამან გამოიწვიოს შეუსაბამობა. მხოლოდ ეს ერთადერთი ფუნქცია აქვს დროებითი შეზღუდვების შემოთავაზებას მერიისთვის, რაც საკონკურსო წინადადებაშიც იყო ჩადებული, თუ ამის აუცილებლობა დადგებოდა," - ამბობს მირიან მეტრეველი.

ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა გენგეგმაზე მუშაობის დაწყებამდეც დაიხვეწა. შედეგად, მშენებლობის ნებართვები სრულყოფილად ჩატარებული კვლევების გარეშე აღარ გაიცემა. შეცვლილია კ2 კოეფიციენტის გაზრდის მანამდე არსებული წესიც.

„ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით რაღაც შეზღუდვები ისედაც არსებობს. დიდი რაოდენობით მრავალსართულიან შენობებზე ნებართვები ისედაც არ გაიცემა. ასევე ბათუმში არის რამდენიმე ისეთი არეალი, სადაც თავს ვიკავებდით ნებართვების გაცემაზე“,- განმარტა მეტრეველმა.