ბათუმში საერთაშორისო ბრენდის 10 მაღაზიას გავხსნით - "რითეილ გრუპ ჯორჯია"
„ბოლო 2 წელი იმდენად ძლიერი იყო რითეილ სექტორისთვის, რომ ბევრი კომპანია, მათ შორის ჩვენც - გათამამდა ახალი პროექტების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ ბათუმის ახალ სავაჭრო ცენტრში, Grand Mall Batumi-ში 10 ახალ მაღაზიას გახსნის.
„საქართველოში რითეილ სექტორი ფართოვდება, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების მიმართულებით. მაგალითისთვის, პირადად ჩვენ, საინვესტიციო პროექტს ვახორციელებთ ბათუმში, სადაც მიმდინარე თვის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში საერთაშორისო ბრენდის 10 მაღაზიას გავხსნით“, - აღნიშნავს რეზო მაღალაშვილი.
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი ზოგადად, საქართველოში რითეილ სექტორის განვითარების დინამიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს.
„10 წლის დინამიკას რომ შემხედოთ, რა რაოდენობის ბრენდები იყო საქართველოში, ვნახავთ, რომ დღეს, ალბათ, სულ მცირე გაორმაგებულია ეს მაჩვენებელი. სავაჭრო ცენტრებს რომ შეხედოთ, 2012 წელს 1 სავაჭრო ცენტრი იყო, ახლა მხოლოდ თბილისში, 4-5 სავაჭრო ცენტრია მაღალი დონის და რეგიონებშიც უკვე მცირე ზომის სავაჭრო ცენტრები მომრავლდა, საერთაშორისო ბრენდებმა იქაც მოიკიდა ფეხი. ამიტომ, დინამიკაში რომ შევხედოთ, ვითარდება ბაზარი. ეს არ არის ის წერტილი, სადაც მივუახლოვდით მომწიფებას და მეტი აღარ გაიზრდება - ზრდის პოტენციალი რითეილში კიდევ არის“, - აცხადებს რეზო მაღალაშვილი.
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი დარგში არსებულ გაყიდვების მაჩვენებლეზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რითეილში გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია. მაღალაშვილის ვარაუდით, 2023 წლის გაყიდვების ჯამური მონაცემები, 2022 წლისაზე გაუმჯობესებული იქნება.
მისივე ინფორმაციით, 2022 წელი ქართული რითეილის ისტორიაში, ამ დრომდე, ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა.
ცნობისთვის, ქვეყანაში რითეილ სექტორის განვითარების ფონზე, მზარდია მოთხოვნა სავაჭრო კომერციულ ფართებზეც. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გასულ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მოლებში 22%-ით გაიზარდა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს, ასევე 22%-ით გაიზარდა კომერციული უძრავი ქონების ფასიც და საშუალოდ 21-22 დოლარის ფარგლებში მერყეობს.