ბიზნესი
01/02/2021

ბათუმის რესტორანი "ბროწეული": დღეს უკვე კარგ ხასიათზე ვართ, ავმუშავდით

ბათუმში მდებარე ქართულმა რესტორანმა „ბროწეული“ დღეს მუშაობა განაახლა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაია ანანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე ცოტა რთულია მოლოდინებზე საუბარი, რადგან უცნობია როგორი იქნება საზოგადოების ქცევა, ივლიან კვების ობიექტებში თუ არა.

„არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, უბრალოდ, რადგან მოგვცეს უფლება, ჩავთვალეთ, რომ უნდა გაგვეხსნა. ჩვენთან სივრცე ისეთია, რომ ყველა მაგიდა გარეთაა. როდესაც გაჟღერდა, რომ 1 თებერვალს უნდა გახსნილიყო ობიექტები, გავიხსენით. სოციალურ ქსელში აქტიურობა წამოვიდა, კითხულობდნენ ვიხსნებოდით თუ არა. რეალურად, ივლის ხალხი, აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა თუ არა, არ ვიცი. ასევე გასათვალისწინებელია, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც,“ - აცხადენს ანანიძე.

იმის გამო, რომ "ბროწეულს" მაგიდები გარეთ აქვს, როგორც ანანიძე განმარტავს, დამატებიტ სამიქნობის დაწყებისთვის დამატებიტ ხარჯების გაწევა არ დასჭირვებია.  გარდა ამისა, არ იხდის იჯარის გადასახადს, რადგან ფართი საკუთრებაში აქვს.

„ფინანსურად მხოლოდ კვების ხარჯი გვქონდა, მეტი არაფერი. თუმცა, ჩვენს მეგობარ კაფეებს არ უღირდათ ობიექტის ამუშავება  რადგან, ისე აქვთ გაკეთებული, რომ ამ აქტივობით კომუნალურ ხარჯსაც ვერ გაწვდებოდნენ. მე გახსნილი ობიექტით ხარჯი არ მემატება, ჩემთან მაინც ფუნქციონირებს ყველაფერი. დამატებითი ხარჯია მხოლოდ ის, როდესაც სტუმარი მოვა და ინდივიდუალურად ჩავურთავთ გარე გათბობას. სტუმარი ელემენტარულ რამეს მაინც აიღებს იმისთვის, რომ გათბობის ხარჯი გადაიფაროს. მორალურადაც უკეთესია, დღეს უკვე კარგ ხასიათზე ვართ, რომ ავმუშავდებით, გვიხარია,“ - აცხადებს მაია ანანიძე.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, რესტორანი გატანის სერვისით მუშაობდა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ „ბროწეულმა“ სრულად შეძლო შეენარჩუნებინა თანამშრომლები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. სხვა რეგიონებში, კვების ობიექტები, რესტორნები, მათ შორის სასტუმროებში, აგრძელებენ მუშაობას გატანის სერვისით, იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებს.