ბიზნესი
22/10/2020

ბათუმის Alliance Palace, რომელშიც Courtyard Marriott-ი განთავსდება, 2021 წელს გაიხსნება

ბათუმში, 41 სართულიანი „ალიანს პალასი“ (Alliance Palace)  2021 წლის ზაფხულის სეზონის დაწყებამდე გაიხსნება. კომპლექსის 1-5 სართულზე საერთაშორისო სასტუმროების ბრენდი Courtyard By Marriott-ი (150 ნომრიანი) განთავსდება, დანარჩენ 6-41  სართულებზე პრემიუმ კლასის აპარტამენტები იქნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ალიანს ჯგუფის“  ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა თემო ბიწაძემ განუცხადა, სასტუმროში ერთ-ერთი ისრაელური კომპანია კაზინოს გახსნის.

მისი ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა,  პანდემიის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ  კომპლექსის სასტუმროს, რესტორნის, კაზინოს და სპას ნაწილი მომავალ წელს, ზაფხულის სეზონის დაწყებამდე გაიხსნას, რაც შეეხება აპარტამენტების ნაწილს - ის წელს ზაფხულში უკვე გაიხსნა.

მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას შვეიცარიული მენეჯმენტკომპანია "სოფოს ჰოტელსი" (Sophos Hotels SA) განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მრავალფუნქციური 41–სართულიანი კომპლექსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მასში 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

პროექტი ბათუმის ბულვარში, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს.„ალიანს პალასის“ ყველა სართულიდან იშლება ზღვისა და ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები, კომპლექსი მოიცავს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორისაა, მიწისქვეშა ავტოსადგომი, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რესტორანი და ა.შ.