ბაქოში "ლუკა პოლარეს" პირველი ფილიალი გაიხსნა
ბაქოში "ლუკა პოლარეს" პირველი ფილიალი გაიხსნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 15 წლის იუბილის აღნიშვნის პარალელურად, "ლუკა პოლარე" საქართველოს ფარგლებს გაცდა.
„ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას რამდენიმე წელია აქტიურად განვიხილავთ, მათ შორის აზერბაიჯანის პროექტზე წლის დასაწყისიდან ვმუშაობთ და გასულ კვირას ბაქოში თანამედროვე საწარმოო სივრცისა და ფილიალის გახსნით დავაგვირგვინეთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ბრენდისთვის, ასევე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის! პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ქვეყნებში გასხნის პროექტებზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ბრენდი "ლუკა პოლარე" საერთაშორისო ბრენდი გახდა, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში გამოჩნდება. ვგულშემატკივრობთ სხვა ქართულ ბრენდებსაც და მოხარულები ვიქნებით, რომ ბევრი მათგანი ვიხილოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას და ჩვენი ეკონომიკის ზრდას,“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.
კომპანიის ინფორმაციით, "ლუკა პოლარეში" ბაქოელებს შეუძლიათ დააგემოვნონ თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, გარდა ამისა აზერბაიჯანის წარმოებამ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორგებული და მათი საყვარელი გემოებიც შექმნა.
აზერბაიჯანის ფილიალს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა აგილობრივი კადრებით შეივსო, როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტები.
„გარდა იმისა, რომ წელს 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი გუნდისთვის და ბრენდისთვის წლის მოვლენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაა. ბაქოში ფილიალი დიდი ზეიმით და მხიარულებით გავხსენით, ხალხის დაინტერესება ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ სტუმრებს შორის არიან ისინი, ვინც საქართველოდან გვიცნობენ და გავახარეთ მათ ქალაქში გამოჩენით. უკვე აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ლუკა პოლარე ბაქოშიც ისევე შეიყვარონ, როგორც საქართველოში .” - აღნიშნავს "ლუკა პოლარეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი.