BAG-ში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს
კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა,რომელსაც მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმოიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ყურადღება გამახვილდა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გაჩენის მნიშვნელობაზე, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებსა და კაპიტალის სტიმულირება/მობილიზებაზე ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის.
პრეზენტაციის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის მოთხოვნისა და მიწოდების განვითარებისთვის აქტუალური საკითხები, არსებული საკანონმდებლო ბაზა და ინფრასტრუქტურა.
საუბარი შეეხო დამზოგველებსა და მსესხებლებს შორის ფინანსური შუამავლობის როლის მნიშვნელობას, ისევე როგორც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებსა და დივერსიფიცირებული დაფინანსების საკითხებს.
ასევე, დეტალურად იქნა განხილული ბაზრის კაპიტალიზაციის ინდიკატორების საერთაშორისო მაგალითები და კაპიტალის ბაზრის განვითარების დაბრკოლებები. საუბარი შეეხო მზარდ, მაგრამ კაპიტალის ბაზრის ჯერ კიდევ მცირე ზომას, ალტერნატიული ინსტრუმენტების ცნობადობის ამაღლების საჭიროებებსა და სხვა.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური და საინტერესო კითხვები.
„კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვანი და რელევანტურია ბიზნესის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები, პროფესიული დისკუსიები და ზემოხსენებულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობა, ორმხრივად სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროცესია“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.