ბიზნესი
24/03/2023

BAG-ში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი თქმით, ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა კონცეფცია, რომელიც ისეთი რეგულაციის შემოღებას გულისხმობს, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.

ინიციატივის განხილვისას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, ელექტრომოწყობილობების დანადგარების გამართული ფუნქციონირება და ზოგადად, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა პირდაპირაა დაკავშირებული უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაზე. მისი თქმით, პასუხისმგებლიანი ბიზნესი დაინტერესებულია, მხარი დაუჭიროს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტის იმ ფორმით მიღებაში, რომელიც, ერთი მხრივ, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვას და, ამავდროულად, ბიზნესისთვის შესაძლო დანახარჯების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.

აღინიშნა, რომ შემოთავაზებული კონცეფცია თანხვედრაშია ევროკავშირის კანონმდებლობის (EU acquis) ძირითად ელემენტებთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ელექტროენერგიის უწყვეტი და უსაფრთხო მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ევროპულ ბაზართან ინტეგრაციის შესაძლებლობას.