ბიზნესი
31/03/2021

BAG ინდექსი: ბიზნესს შემცირებულ მოთხოვნაზე მეტად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერიები აფერხებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, ბიზნეს საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 74% საუბრობს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, თუმცა შედეგი კვლავ ჯდება იმ საერთო ტენდენციაში, რასაც ასოციაციის წევრი კომპანიები ბოლო კვლევებია გამოხატავენ. 

ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ოთხი ფაქტორია ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დასახელებული: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, შეზღუდული ფინანსური რესურსები და სპეციალისტების ნაკლებობა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოთხივე კვარტალში, ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის პირველ ადგილს ყოველთვის მოთხოვნის სიმცირე იკავებდა. მოცემულ კვარტალში კი შემაფერხებელ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ბარიერებმა დაიკავა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა COVID 19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, კვლავ ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა მარეგულირებელი გარემო და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც ასოციაციის წევრი კომპანიები ინდექსის კვლევის დაწყებიდან მუდმივად ასახელებენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოსტ-პანდემიური ეკონომიკის აღდგენისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დამატებითი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით დაიწყოს პრობლემის მოგვარების იმ კონკრეტულ ხედვებზე დიალოგი, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს აღნიშნულ ადმინისტრაციულ და სამართლებრივ შემაფერხებელ ფაქტორებს.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.