ბიზნესი
04/10/2020

BAG-ი მთავრობას საშემოსავლო გადასახადის კიდევ 6 თვით გადავადების თხოვნით მიმართავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საშემოსავლო გადასახადის კიდევ 6 თვით გადავადების თხოვნით მთავრობას უახლოეს მომავალში მიმართავს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, კერძო სექტორი ამ დრომდე რთულ ვითარებაში იმყოფება.

„შეიძლება, ბიზნესს დღეს და ხვალ უფრო გაუჭირდეს, ვიდრე ეს გუშინ და გუშინწინ იყო. სწორედ იმიტომ, რომ კრიზისი ეს არის გატკვეულწილად ნეგატიური ტენდენცია, რომელიც განგრძობითია. ამ თვალსაზრისით, უნდა ვიფიქროთ დამატებით კიდევ 6 თვით ბიზნესის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე. ამ საკითხზე მივმართავთ, როგორც მთავრობას, ასევე ფინანსთა მინისტრს“,- განმარტა ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, შეღავათები კვლავ უნდა გაგრძელდეს ქონების გადასახადის ნაწილშიც.  

„მეორე საკითხია ქონების გათავისუფლება. ქონების ნაწილი სწორად გათავისუფლდა, ნაწილს მხოლოდ გადაუვადდა გადასახადი, რადგან იქ გარკვეული ტექნიკური საკითხები იყო კოდებთან დაკავშირებით. როდესაც ეს საკითხი გაზაფხულზე, თავის დროზე დავაყენეთ, გვითხრეს, რომ თუ ეს პრობლემა დადგება, მერე ვიმსჯელოთო. ეს პრობლემა დადგა. 1-ელ დეკემბრამდე აქვთ გადავადებული ქონების გადასახადი, ამიტომ სასწრაფოდ, როგორც კი შემდეგი პარლამენტი შეიკრიბება, მივმართავთ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება ამ ტიპის ქონებებზეც მიიღოს, რომელიც ამ დრომდე არ ხვდებოდა ამ გათავისუფლებებში“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.