ბიზნესი
15/12/2021

აზარტული თამაშობის, ლოტოს, ტოტალიზატორის რეკლამა შეიზღუდება - კანონპროექტის დეტალები

სათამაშო ბიზნესის რეკლამა შეიზღუდება. ცვლილებას "რეკლამის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

კანონპროექტი ეხება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს რეკლამის ახლებურად რეგულირებას. 

კანონში შესატანი ცვლილებით, აიკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება გარდა იმ შემთხვევისა, თუ: 

  • რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც
    დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და
    ტოტალიზატორის მოწყობა;
  • რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა.
  • რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა, ამასთანავე, ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და იგი აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, მოწყობის ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამაა აღნიშნულ ობიექტზე.
  • რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

არ იქნება დაშვებული სათამაშო ბიზნესის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება და ასეთი აბრა 10 კვადრატულ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

ასევე რეკლამის გავრცელების დაშვება სპორტული ღონისძიების, სპორტული
შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო
პირობასთან მიმართებაში დაზუსტდება რეკლამის გავრცელების ნებადართული ფორმა. კერძოდ, რეკლამის გავრცელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვიზუალური ფორმით, სპორტული ღონისძიების ან/და სპორტული შეჯიბრების გამართვის/ჩატარების ადგილის (ობიექტის) შიდა პერიმეტრზე, ბანერის განთავსების გზით ან/და მოთამაშეთა (სპორტულ ღონისძიებაში/შეჯიბრებაში მონაწილეთა) უნიფორმაზე განთავსების გზით.

წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ჩასატარებელი გათამაშების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით, გავრცელება დაუშვებელი იქნება, თუ წამახალისებელი გათამაშების ნებართვა გაცემული იქნება აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორზე, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორზე, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორზე ან/და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორზე. გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და
ტოტალიზატორის მოწყობა. ასევე, აღნიშნული რეკლამა ვრცელდება მხოლოდ აზარტული თამაშობის მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის ან/და ბინგოს მოწყობის ობიექტის შიდა პერიმეტრზე.

ცვლილება შედის "მაუწყებლობის შესახებ კანონშიც", რომლის თანახმადაც აიკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს. ამ შემთხვევაში ნებართული იქნება მხოლოდ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის ორგანიზატორის დასახელების ხმოვანი გავრცელება/გამოცხადება არაუმეტეს 10 წამის ხანგრძლივობით 1 საათში, ნებისმიერი სახის ვიზუალური რეკლამის გავრცელების გარეშე.

"საქართველოს კანონმდებლობით არ არის შეზღუდული ამგვარი თამაშობების რეკლამის გავრცელება და იგი თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ ტიპის თამაშობების მიმართ დამოკიდებულების რისკს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში. შესაბამისად, აუცილებელია ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და იმ საფრთხეების გადაჭრა, რომლებიც აზარტული თამაშობებიდან და ტოტალიზატორიდან გამომდინარეობს და ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას", - აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან, პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია.