ბიზნესი
30/03/2021

ავტობანზე კიდევ ერთი დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი მოეწყობა

საერთაშორისო მნიშვნელობის ავტობანზე კიდევ ერთი მულტიფუნქციური კომპლექსი მოეწყობა.

დასასვენებელი-გასართობი კომპლექსი ლანჩხუთთან გაკეთდება.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დაანონსა, რომ 2021 წლის გეგმაში გათვალისწინებულია ლანჩხუთში მდებარე 31 655 კვ.მ ფართობის გზისპირა ობიექტის აუქციონზე გამოტანა.

საპრივატიზებო პირობად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 42 თვის ვადაში კომპლექსის მოწყობა, რომელიც ასევე მოიცავს მინიმუმ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს, მინიმუმ 50 ადგილზე გათვლილ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მარკეტებს, საპირფარეშებს, აფთიაქს და ავტოგასამართ სადგურს.