ავიამიმოსვლა ბევრგან აღდგა და ვერ ვიტყვით, რომ იქ საკუთარი ხალხი არ უყვართ - რას ითხოვს ბიზნესი
15 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას 6 პუნქტიანი მოთხოვნების გეგმით მიმართავს. მათ შორის არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა, ასევე მთის კურორტებისთვის მუშაობის უფლების მიცემა.
„ჩვენი მოთხოვნები 6 პუნქტისგან შედგება. პირველი და ყველაზე მწვავე ეს არის ტრანსპორტი. მისი ამუშავება, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ასევე საქალაქთაშორისო დაკავშირება ეკონომიკის ამუშავებისთვის აუცილებელია.
საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციებს დღესდღეობით უამრავი ქვეყანა ახორციელებს და ვერ ვიტყვით, რომ მათ საკუთარი ხალხი არ უყვართ. ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია.
ასევე, აუცილებელია სარესტორნო ბიზნესის ამუშავება, რადგან ეს არის ყველაზე მოწესრიგებული დარგი. მარტიდან რეგულაციებს ვასრულებთ და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ეს მოსახლეობისთვის. მეოთხე მოთხოვნა სასტუმროების ამუშავებაა. უამრავი მათგანი დღეს ფუნქციონირებს და ეს მთელ დარგზე უნდა გავრცელდეს. ასევე, ვითხოვთ მოლებისა და ბაზრობების ამუშავებას. ეს უკვე დაანონსებულია, თუმცა მესამე და ოცდამეათე ტალღა არ უნდა ემუქრებოდეს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინდუსტრიას. ისინი ასაქმებენ უამრავ ადამიანს. გამართლება არ აქვს მის დაკეტავს. მეექვსე მოთხოვნა ზამთრის კურორტების ამუშავებაა. ისინი დღეს შეჰყურებენ რაღაც ტექნიკური პრობლემების მოგვარებას, რომ საბაგიროებზე თურმე კონტროლირება არ შეიძლება. ამ გამოგონილი პრობლემის გამო უამრავი დარგი და რეგიონებიც კი გაჩერებულია. ნახევარი საქართველოს ბიზნესი, რომელიც დღესდღეობით ავსებს ბიუჯეტს, ჩვენს გვერდით არის და ამ ყველაფერს ითხოვს“,- აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის ხელმღვანელმა, კოტე გაბრიჩიძემ.