ასოციაცია: რასაც ვგეგმავთ იმას ვაკეთებთ, ხელისუფლებას არ ვესაუბრებით ულტიმატუმის ენით
ეს მესიჯი ცუდად მომესმა. კერძო სექტორთან კომუნიკაცია თუ აქვს და მათზე რამე ზეწოლას ახდენს, მე ეს ძალიან მეწყინებოდა,- ასე ეხმაურება რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე მთავარი შრომის ინსპექტორის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას კომუნიკაცია აქვს კერძო სექტორთან და საკვები ობიექტების სრული უმრავლესობა მთავრობის ეტაპობრივი გახსნის გეგმას ემორჩილება.
როგორც შოთა ბურჯანაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ბოლო ინფორმაციით, რეგულაციების დაუმორჩილებლობის პროცესს საქართველოს მასშტაბით 200-მდე რესტორანი უერთდება, თუმცა ეს რიცხვი 6 თებერვლამდე მკვეთრად გაიზრდება.
„დღესდღეობით 200-მდე რესტორანია, ვინც ამ პროცესს უერთდება. დღეს მივიღე ზარები სვანეთიდან, ლეჩხუმიდან, ქუთაისიდან, სამცხიდან. ჩვენ თავდაპირველად მხოლოდ თბილისზე გვქონდა საუბარი, თუმცა, ახლა მთლიანი საქართველოს მასშტაბით ვსაუბრობთ. რასაც ვგეგმავთ იმას ვაკეთებთ და არასდროს ვესაუბრებით ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს ულტიმატუმის ენით. ველოდებით კონსტრუქციულ თანამშრომლობას“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.
კითხვას, რას იზამენ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი უწყებები დააჯარიმებენ, ბურჯანაძე პასუხობს:
„შეუძლიათ ყველა რესტორანს ჩამოუარონ და ეგ ჯარიმები წინასწარ, ახლავე დაარიგონ.“