ბიზნესი
28/01/2021

ასოციაცია: მცირე ზომის ფეროშენადნობთა საწარმოები დახურვის საფრთხის წინაშე არიან

ფეროშენადნობთა მწარმოებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები დახურვის საფრთხის წინაშე დგანან. მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფის მკვეთრი ზრდაა. ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ გადასახადი თითქმის 90%-ით გაძვირდა.

“არსებობს იმის საშიშროება, რომ მცირე ზომის საწარმოები დაიხუროს. დახურვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ვერ გამოინახა იაფი ელექტროენერგიის მოძიების გზები. ალბათ, სახელმწიფო ალტერნატიული წყაროების მოძიებაში უნდა მოგვეხმაროს. ეს არაჩვეულებრივი იქნება. ასევე, გატარების ტარიფები, რაც გაიზარდა, ისევ უნდა გაიაფდეს. ეს რომ მარტივი გასაკეთებელი იქნება, მაგის ილუზია არ გვაქვს”,- განაცხადა კევლიშვილმა.

კერძო სექტორი გამოსავლის გზებს ეძებს და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი აქვს.

„პატარა საწარმოებთან გაცილებით დიდი პრობლემებია. ამ წლის დასაწყისიდან ელექტროენერგიის ღირებულება 90%-ით უკვე გაუძვირდათ. ეს მათ უმძიმეს ტვირთად დააწვა. გამოსავლის გზებს ვეძებთ ყველა ერთობლივად. რა იქნება, ეს ძალიან ძნელი სათქმელია. მცირე საწარმოებს ძალიან გაუჭირდებათ. უფრო იაფი ელექტროენერგიის მოძიების პროცესში ვართ. ეს რამდენად შესაძლებელია, მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- აღნიშნა კევლიშვილმა.